დიდი პაპის წერილი ფრონტიდან და საქართველოს წვლილი გამარჯვებაში - შალვა პაპუაშვილის მილოცვა

ეს დღე ჩვენია – ჩვენ ისტორიის გამარჯვებულ მხარეს ვიბრძოდით და ვამაყობთ იმით, თუ ვინ ვიყავით, სად ვიდექით და რა გავაკეთეთ, განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
Sputnik
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. საქართველოში არ მოიძებნება ოჯახი, რომელზეც მეორე მსოფლიო ომის შედეგები არ აისახა და ეს ომი ჩვენს მეხსიერებაში დარჩა, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის მილოცვაში.
„საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ ჰყავდეს ამ ომში დაღუპული. დიდი სამამულო ომი დარჩა ჩვენს მეხსიერებაში, აისახა ხელოვნებაში, ლიტერატურაში, ფილმებში, რომლებიც აცოცხლებენ ამ საშინელი ომის ეპოქას, სულისკვეთებას და მსხვერპლს. ეს მეხსიერება იქცა ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელ ნაწილად“, - დაწერა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, რვა ათეულ წელს გადასცდა, რაც ეს დღე აღინიშნება და საქართველოში იხსენებენ მამებს, პაპებს და დიდ პაპებს - იმ თაობას, რომელმაც დაიცვა თავისი ქვეყანა და აოხრებისგან გადაარჩინა სამშობლო.
ახლა შეინიშნება ქართველი ერის იდენტობის შეცვლის ტენდენციები, აღნიშნავს პარლამენტის სპიკერი, ქართველ ხალხს მოუწოდებენ „კრიტიკულად გადაიაზროს“ წარსული, დაგმოს მისი საბჭოთა ხასიათი, გაუთანაბროს ის ფაშიზმს და გადააყოლოს მას ყველაფერი, რაც კი იმ დროს შექმნილა, აშენებულა თუ განვითარებულა.
„საბჭოთა წარსული არის ჩვენი საერთო წარსული. ის ვერ შეიცვლება. ის იყო ისეთი, როგორიც იყო - ავით და კარგით, მსხვერპლით და სიხარულით, რეპრესიებით და ეროვნული თვითშეგნების აღზევებით. ამ წარსულის კვლევა ისტორიის და ისტორიკოსების საქმეა. მაგრამ ჩვენ ვერ მივიღებთ ისეთ მოწოდებებსა თუ კამპანიებს, რომლებიც მიმართულია ჩვენი მეხსიერების, იდენტობის და ისტორიული თვითშეგნების შეცვლისკენ, ისტორიის გადაწერისკენ“, - დაწერა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში ცდილობენ დანერგონ ნარატივი იმის შესახებ, რომ გამარჯვების დღე უნდა აღინიშნებოდეს 8 მაისს, და საქართველოს მოეთხოვება, სამყარო აღიქვას ან "რუსულ", ან "ევროპულ" ფერებში და აირჩიოს ან ერთი, ან მეორე.
„ეს არჩევანი ყალბია, ამგვარი მსოფლმხედველობა კი არაადეკვატური და დამღუპველი. ერი უნდა იყოს თვითმყოფადი, თავისთავადი, მოაზროვნე და მყარ ფეხზე მდგომი. სწორედ ამიტომ, 9 მაისი დარჩება 9 მაისად“, - ნათქვამია მილოცვაში.
მეტიც, მისი თქმით, 9 მაისი ქართულ დღედ დარჩება.
„ჩვენ ვიომეთ, ჩვენ ვღვარეთ სისხლი, ვიომეთ ისტორიის გამარჯვებულ მხარეს და ვამაყობთ იმით, თუ ვინ ვიყავით, სად ვიდექით და რა გავაკეთეთ. მარადიული იყოს ხსოვნა ყველა მეომრის, ყველა გმირის, ომის ყველა მონაწილისა და ჩვენი წინაპრის! დიდხანს სიცოცხლე ყველა ვეტერანს, ყველას, ვისაც ახსოვს ის საშინელი დრო. გილოცავთ 9 მაისს, ჩვენი გამარჯვების დღეს!“ - ნათქვამია მილოცვაში.
პარლამენტის სპიკერმა ასევე ატვირთა თავისი დიდი პაპის წერილის ფოტო, რომელიც ფრონტის ხაზზე იყო დაწერილი.
„ვიღებ ხელში კალამს, გაძლევ კეთილ სალამს.. იყავი ბედნიერად შენი შვილებით, შენი შვილიშვილით...“ 9 მაისამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე, ფრონტიდან, ჩემი დიდი პაპის მოწერილი ეს წერილი, ბოლო აღმოჩნდა. ამ ერთ წინადადებაშია ომის მთელი ტრაგედია - სიყვარული, იმედი და სიკვდილის წინაშე მდგარი ადამიანის სიმშვიდე“, - ნათქვამია მილოცვაში.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ 300 ათასამდე დაბრუნდა. საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე.
ამჟამად საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 46 ვეტერანია ცოცხალი, გასულ წელს ეს რიცხვი 57-ს შეადგენდა.