თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ოპოზიციური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის, ჟურნალისტ გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაკავებულ ხუთივე პირს ბრალდება წარუდგინა.
ხუთიდან ორი ბრალდებული უკვე იმყოფებოდა პატიმრობაში სხვა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ხოლო სამი ბრალდებული გუშინ, 7 მაისს დააკავეს.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, იდენტიფიცირებული და დაკავებულია სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ერთი მოქმედი თანამშრომელი.
ლევან ხაბეიშვილის საქმე
გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 30 აპრილს რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაშინდელმა თანამშრომელმა, რომელიც დღეის მდგომარეობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსია და ასევე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთმა თანამშრომელმა ფიზიკურად იძალადეს ლევან ხაბეიშვილზე.
ზვიად მაისაშვილის საქმე
2024 წლის 30 ნოემბერს დაახლოებით 06:30 საათზე რუსთაველის გამზირზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმჟამინდელმა ორმა თანამშრომელმა, რომელთაგან ერთ-ერთი დღეის მდგომარეობით დაცვის პოლიციის თანამშრომელია, ფიზიკურად იძალადა ზვიად მაისაშვილზე, რის შედეგადაც მაისაშვილმა დაკარგა გონება.
გურამ როგავას საქმე
გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 29 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტ გურამ როგავაზე, რომელიც თავდასხმის მომენტში ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდა.
ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა სასამართლოს ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.
უწყების ცნობით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე გრძელდება გამოძიება როგორც აღნიშნულ ეპიზოდებში, ასევე სხვა ძალადობრივ ფაქტებში მონაწილე პირთა დადგენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.