თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის აპრილში სამართალდარღვევის 72 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქვეყნის მასშტაბით ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 76 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც სატყეო სააგენტოს "საქმიან ეზოებში" დასაწყობდა.
ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოვლენია სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის: ქვემო ქართლში - 20, კახეთში - 15, იმერეთში - 13, გურიაში - 9, სამცხე-ჯავახეთში - 4, შიდა ქართლში - 4 შემთხვევა, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 4, მცხეთა-მთიანეთში - 2 და სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 9 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც შესაბამისი მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში.
ქვეყნის მასშტაბით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, იანვარ-აპრილის პერიოდში გამოვლენილია ხეტყის უკანონო მოპოვების 263 ფაქტი.
უკანონო ტყეთსარგებლობასთან ბრძოლა
2025 წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.
კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.