თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საქართველოს შესწევს ძალა უპასუხოს უცხოური სადაზვერვო სამსახურებს, მათ შორის ცალკეული ევროპული ქვეყნების, რომლებიც მოქმედებენ საქართველოს ტერიტორიაზე, განაცხადა სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოში ცოტა ხნის წინ ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ეს იყო პირველი დაკავება ასეთი ბრალდებით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.
“პირველი, ჩვენ და ჩვენს სპეცსამსახურებს შესწევს ძალა, როგორც არასდროს, რომ ჩვენს ქვეყანაში სხვა ქვეყნის დაზვერვითი სამსახურები, მათი ე.წ. რეზიდენტი პირები გამოავლინონ. ჩვენ ამ ურთიერთობას ძალიან ვუფრთხილდებით. ამიტომ ვთხოვთ, რომ ამ საკითხს ზედმიწევნით ფრთხილად მოეკიდონ“, - განაცხადა მდინარაძემ.
სახელმწიფო მინისტრს არ დაუსახელებია კონკრეტული ქვეყნები, მან აღნიშნა, რომ მათ „თავად უკეთეთ იციან, რა საქმიანობა ხორციელდება ჩვენი ქვეყნის მიმართულებით“.
ამასთან მდინარაძემ აღნიშნა, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანა საქართველოში დაზვერვით სამუშაოებს გაცხოველებულ და ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს. მისი თქმით, ქართულ სპეცსამსახურებს იმაზე მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ.
„დღეს კონტრდაზვერვითი სამუშაოები გაათმაგებულ რეჟიმში, ინტენსივობით მიმდინარეობს. ასევე, ჩვენ და ჩვენს სამართალდამცავებს ძალიან დიდი ინფორმაციები გვაქვს. ვთხოვთ, რომ ეს ხალხი (დაზვერვის რეზიდენტები - რედ.) გაიყვანონ, მოაშორონ იმ საქმიანობას, რასაც ისინი ახორციელებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ნამდვილად არ ვიმუქრები, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენ ამასთან დაკავშირებით გარკვეულ მინიშნებებს კვლავ გავაკეთებთ“, - განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, სახელმწიფო მინისტრს არ დაუზუსტებია, რომელ ქვეყნებს გულისხმობს და კონკრეტულად რა ინფორმაციას ფლობს.
ჯაშუშობისთვის დაკავებულთა შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა, მეორე კი გიორგი უძილაური - ბოლო დროს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. ორივე საქმე დახურულ რეჟიმში განიხილება, ქვეყნები, რომლებზეც ბრალდებულები მუშაობდნენ, არ სახელდება.
სუსის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით, ცალკეული უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურები ახორციელებდნენ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ სხვადასხვა სახის სადაზვერვო/ოპერატიულ ღონისძიებებს.
2025 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 15 საქმეზე, ხოლო პასუხისგებაში მიცემულ იქნა 13 პირი.
სხვადასხვა საგამოძიებო და სათვალთვალო საქმიანობის შედეგად გამოვლინდნენ უცხოურ სადაზვერვო სამსახურების საქმიანობაში ჩართული პირები, რომლებიც საქართველოში ოპერატიულ და უწყებრივ შეხვედრებს მართავდნენ და კონტაქტებს ამყარებდნენ მათთვის საინტერესო ობიექტებთან და ორგანიზაციებთან. ასევე გამოვლინდა იმ პირთა წრე, რომელთა მეშვეობითაც უცხოური სადაზვერვო სამსახურები და მათთან შესაძლო კავშირებში მყოფი პირები ცდილობდნენ სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას.