საქართველოში უცხოური დროშის ქვეშ მცურავი ორი გემი დააჯარიმეს

პორტუგალიისა და პალაუს დროშების ქვეშ მცურავმა გემებმა შავი ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურეს.
Sputnik
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე პორტუგალიისა და პალაუს დროშებით მცურავი გემები 100-100 ათასი ლარით დააჯარიმეს, იუწყება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
მათივე ცნობით, პორტუგალიისა და პალაუს დროშების ქვეშ მცურავმა გემებმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურეს.
უწყების ცნობით, გემები ფოთის სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და თითოეულს 100-100 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
გემებს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცათ.
შავი ზღვის დაცვა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო წყლის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანის, ასევე უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, შავ ზღვაზე უწყვეტ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს.
მიმდინარე წელს კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ უკვე განხორციელდა 81 გემის ინსპექტირება. გამოვლენილია 15 სამართალდარღვევა, მათ შორის 6 გემიდან ზღვის დაბინძურების ფაქტია.
უწყების განცხადებით, ბოლო წლებში გემების მხრიდან ზღვის ნავთობპროდუქტებით დაბინძურების ფაქტები შემცირდა, რაც გაზრდილი საჯარიმო სანქციების შედეგია.