კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები დახურული იქნება – საქართველოს საპატრიარქო

წმინდა სინოდის სხდომაზე გაფართოებული კრების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.
Sputnik
თბილისი, 7 მაისი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები გაფართოებულ კრებაზე დახურულ რეჟიმში ჩატარდება, წმინდა სინოდი ერთსულოვნებას ინარჩუნებს, განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალი კათოლიკოს-პატრიარქი უნდა აირჩიონ, 11 მაისს გაიმართება.
„ზოგადად, ვფიქრობ, საზოგადოება მიჩვეულია საერო არჩევნებს და იქ მოყოლილ რაღაც დაპირისპირებებს. სინოდში ასეთი რამ არ ხდება“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, სინოდი ერთსულოვანია და სანიმუშო არჩევნებს ჩაატარებს.
„მიუხედავად იმისა, რომ იყო არაკორექტული გამოსვლები და ემოციური კომენტარებიც, დღევანდელი სინოდი, შეიძლება ითქვას, იყო ერთსულოვანი და ორიენტირებული იმაზე, რომ, როგორც აქამდე, პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, მთელი ეს პერიოდი ღირსეულად მიმდინარეობდა სინოდი, სხვა პროცესიები, ასევე სამაგალითო და სანიმუშო იქნება ეს არჩევნებიც. ეს იყო მთავარი, მათი სულისკვეთება“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, წმინდა სინოდის სხდომაზე მიღწეულია შეთანხმება, რომ სამი საპატრიარქო კანდიდატის ეპარქიის წარმომადგენლებს ექნება საშუალება, სიტყვით გამოვიდეს.
„ზოგადად, მათი უფლება არ იზღუდება, თუმცა მღვდელმთავრები ასე თანხმდებიან, რომ ასე სჯობს, რადგან ძალიან ბევრი წარმომადგენელია და თავისუფალი არჩევნის შემთხვევაში, შესაძლოა, სხდომა ძალიან გაგრძელდეს“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.
პატრიარქის ინტრონიზაციის თარიღი განისაზღვრება არჩევნების შემდეგ, რადგან თარიღი უკვე არჩეულმა პატრიარქმა უნდა დაადგინოს, აღნიშნა მან.
როგორ ტარდება პატრიარქის არჩევის პროცედურა
კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს გაფართოებული კრება, რომელშიც შედიან: წმინდა სინოდის ყველა წევრი, თითო ეპარქიიდან ორ-ორი სასულიერო პირი და თითო საერო პირი. მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან იმდენივე წარმომადგენელი მონაწილეობს, რამდენიც ყველა დანარჩენი ეპარქიიდან ერთად. გაფართოებულ კრებაში ასევე შედის ორ-ორი წარმომადგენელი თითოეული მონასტრიდან, სასულიერო აკადემიისა და სემინარიიდან, ასევე ოთხი დელეგატი გელათის აკადემიიდან.
გაფართოებული კრების თითოეულ მონაწილეს აქვს უფლება, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება პატრიარქობის კანდიდატებთან დაკავშირებით. თუმცა, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის უფლება მხოლოდ წმინდა სინოდის წევრებს აქვთ.
გაფართოებული კრება, ისევე როგორც სრულიად საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია, თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
გაფართოებულ კრებაზე, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება, შერჩეულ კანდიდატებს შორის საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ - არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმების ნახევარზე მეტს, ანუ არანაკლებ 20-ისა.
წმინდა სინოდმა 28 აპრილს გამართულ სხდომაზე პატრიარქობის სამი კანდიდატი გამოარჩია - კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.