გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

რადგან საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს, სასამართლო პროცესი დაწყებისთანავე დაიხურა.
Sputnik
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე დაკავებულ გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი და ასევე "ქართუ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 5 მაისს დააკავა.
ამით მოსამართლე დავით კურტანიძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სასამართლო პროცესი დაწყებისთანავე დაიხურა, გამომდინარე იქიდან, რომ საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს.
სხდომას ბრალდებული გიორგი უძილაური ესწრებოდა. როგორც მისმა ადვოკატმა ბექა გულედანმა განაცხადა, გიორგი უძილაური თავს დამნაშავედ არ ცნობს და ის დუმილის უფლებას იყენებს.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ უძილაური, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახისა და კატეგორიის ინფორმაციას.
დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.