ანალიტიკოსები საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპების მატებას პროგნოზირებენ

საერთო ჯამში, თიბისი კაპიტალის შეფასებით, მარტში ტურიზმიდან დანაკლისი დაახლოებით 75 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.
Sputnik
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. TBC Capital-ის ანალიტიკოსებმა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს კვლავ გადახედეს და 6,1%-დან 7,4%-მდე გაზარდეს. ნათქვამია კომპანიის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 9.1% შეადგინა, მათ შორის, მარტში - 10.7%.
„საშინაო და საგარეო ტენდენციების ერთობლიობის გათვალისწინებით, თიბისი კაპიტალი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 2026 წლისთვის 6.1%-დან 7.4%-მდე ზრდის“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
ანალიტიკოსების თქმით, თებერვლის მსგავსად, მარტის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებაც მოსალოდნელზე მაღალია.
გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ესკალაციიდან ორი თვის თავზე, შეიძლება ითქვას, რომ სტუმარმასპინძლობის სექტორში ნეგატიური ეფექტი მნიშვნელოვანია, თუმცა სხვა მხრივ შედარებით შეზღუდული მასშტაბისაა.
საპირისპირო მიმართულებით, პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ გააქტიურებულია სასაქონლო პროდუქტების ექსპორტი, რაც, მათ შორის, გლობალურ ბაზრებზე ფასების ზრდას უკავშირდება.
„სავარაუდოა, რომ ეკონომიკური ზრდის მთავარ ფაქტორს, წინა წლებისგან განსხვავებით, ამჟამად სწორედ ექსპორტი წარმოადგენს, ვინაიდან უნაღდო დანახარჯების უახლესი ინდიკატორებით მნიშვნელოვანი აჩქარება არ ვლინდება. თიბისი კაპიტალი მიმდინარე ტენდენციების ფონზე ექსპორტის ზრდის პერსპექტივაზე მარტის პუბლიკაციაში მიუთითებდა, თუმცა ფაქტობრივი შემოდინებები მოსალოდნელზე მაღალია“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
როგორც ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, საქართველოს ეკონომიკა გარკვეულწილად სტრუქტურული მდგრადობით ხასიათდება, რაც უფრო შესამჩნევია, მაგალითად, უზბეკეთის შემთხვევაში. ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანა საგარეო შოკების მიმართ მგრძნობიარე არ არის, არამედ გულისხმობს საპირისპირო მიმართულებით მოქმედ ფაქტორებს, რომლებიც ბევრ - თუმცა არა ყველა - სცენარში ერთმანეთს დიდწილად აბალანსებს.
კერძოდ, გლობალურად ნავთობის ფასის ზრდის ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ, მართალია, საქართველო ნავთობპროდუქტების წმინდა იმპორტიორია, თუმცა ქვეყანა ნავთობის მწარმოებლებისგან შედარებით მაღალ სავალუტო შემოდინებებსაც იღებს, რაც ამ კუთხით მოწყვლადობას დიდწილად აბალანსებს.
გარდა ამისა, გასული წლის ნოემბრიდან მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ნავთობის რე-ექსპორტი, რომელიც მარტის მდგომარეობით მთლიანი ექსპორტის 16.5%-ს შეადგენდა, თუმცა ეს, სავარაუდოდ, დროებითი ფაქტორია.
გარდა ამისა, პუბლიკაცია აღნიშნულია ისტორიულად ექსპორტისა და იმპორტის ფასების თანაფარდობის სტაბილურობა. ამ მხრივ, მარტში, ექსპორტის ფასების ინდექსი თვიურად 3%-ით გაიზარდა, რაც ძირითად საექსპორტო პროდუქტებზე - ნავთობზე, ოქროზე, სპილენძზე, ფერო-შენადნობებსა და სასუქებზე - ფასების გლობალურ ზრდას უკავშირდება.
საერთო ჯამში, თიბისი კაპიტალის შეფასებით, მარტში ტურიზმიდან დანაკლისი, კონფლიქტის გარეშე ალტერნატიულ სცენართან შედარებით, დაახლოებით 75 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.
საპირისპიროდ, ექსპორტის ზრდა, თებერვალთან შედარებით, დაახლოებით, 90 მილიონი აშშ დოლარითაა აჩქარებული. მსგავსი ტენდენციის შენარჩუნებაა სავარაუდო აპრილშიც, რისი მონაცემებიც მოგვიანებით გახდება ხელმისაწვდომი.
„აღსანიშნავია, რომ ფასების ნორმალიზება კვლავ საბაზო სცენარი რჩება, რაც ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების ნორმალიზებასაც გამოიწვევს, თუმცა ამ სცენარში პარალელურად მოსალოდნელია ტურიზმის აღდგენაც“, - ნათქვამია სტატიაში.
ჯამურად, პროგნოზზე მოქმედი სამი ძირითადი ფაქტორი - უკრაინაში ომის მოკლე ვადაში დასრულების შემცირებული ალბათობა, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენა, და „საქსტატის“ ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელზე მაღალი შეფასებები - უცვლელი რჩება, თუმცა ამ ფაქტორების ერთობლიობის ზეგავლენა მეტია.
გარდა ამისა, ანალიტიკოსებმა ზრდის მიმართულებით ინფლაციის პროგნოზიც შეცვალეს, წლის ბოლოს მდგომარეობით 5.6%-დან 6%-მდე, რაც ძირითადად ორ ფაქტორს უკავშირდება: ა) აპრილის 5.9%-იანი ინფლაცია ჩვენს პროგნოზზე მცირედით მაღალია და ბ) ნავთობის ფასები, აპრილის შუაში მოდერაციის შემდეგ, კვლავ მომატებულია.
ცნობისთვის, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს შეადგინა 10,6%, 2022 წელს – 11%, 2023 წელს – 7,8%, 2024 წელს – 9,7%, ხოლო 2025 წელს – 7,5%.