უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: აპრილის მონაცემები

მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 651 ფაქტი. დალუქულია 20 უკანონო სახერხი საამქრო.
Sputnik
თბილისი, 6 მაისი - Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აპრილში უკანონო ტყითსარგებლობის 156 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 125 ფაქტი ეხება ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას, ხოლო 31 - სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალური საქმიანობის შემთხვევებს.
გამომდინარე იქიდან, რომ 19 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უწყების ცნობით, 2026 წლის აპრილში დაილუქა 1 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო - ჯამში ამოღებულია 254 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი - 48 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში. სამეგრელო-ზემო სვანეთში - 36, კახეთში - 24, იმერეთში - 19, სამცხე-ჯავახეთში - 8, ქვემო ქართლში - 7, გურიაში - 5, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 3, შიდა ქართლში - 3, მცხეთა-მთიანეთში კი - 2.
სამართალდარღვევა დაფიქსირდა დედაქალაქშიც - გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა, თბილისში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი გამოავლინეს.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 651 ფაქტი. დალუქულია 20 უკანონო სახერხი საამქრო.
ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან რეჟიმში პატრულირებენ.
უკანონო ტყეთსარგებლობასთან ბრძოლა
2025 წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.
კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.