თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაასაღა ჯამში 10 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ასი ცალი 100-დოლარიანი ყალბი კუპიურა და 350 ევროს ოდენობის ყალბი ფული.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული.
გამოძიება სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.