სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს მომავალ კვირას აირჩევენ

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კადიდატი 28 აპრილს გამოარჩია
Sputnik
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალი კათოლიკოს-პატრიარქი უნდა აირჩიონ, მომდევნო კვირაში გაიმართება, განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქაშუეთის ტაძარში ქადაგებისას.
გაფართოებულ კრებაზე, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება, შერჩეულ კანდიდატებს შორის საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ - არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმების ნახევარზე მეტს, ანუ არანაკლებ 20-ისა
„მინდა, ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, სამონაზვნო დასს, ყოველ თქვენგანს, ჩვენს ძვირფას მრევლს, რომ გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ჩავატაროთ ღირსეულად, მშვიდობიანად, სიყვარულით, რომ ღვთის ნება გამოჩნდეს და ყოფილიყოს ჩვენი ეკლესიის, ჩვენი ერისთვის სასარგებლო არჩევანი, გადაწყვეტილება. პირველ რიგში, ვევედროთ წმინდა გიორგის, შეგვეწიოს მისი მადლი“, – განაცხადა მეუფე შიომ.
წმინდა სინოდმა 28 აპრილს გამართულ სხდომაზე პატრიარქობის სამი კანდიდატი გამოარჩია - კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.