თბილისი, 6 მაისი — Sputnik. დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის ფარგლებში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ მიუნხენის „ბაიერნთან" საპასუხო მატჩს გამართავს.
მატჩი მიუნხენში „ალიანს არენას“ სტადიონზე, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
28 აპრილს პარიზში გამართული გუნდების პირველი შეხვედრა „პსჟ"-ს გამარჯვებით - 5:4 დასრულდა. მატჩში კვარაცხელიამ დუბლი გაიფორმა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ფრანგული კლუბის მაისურით მიმდინარე სეზონში ჯამში 15 საგოლე მოქმედება დააგროვა - 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემა), რითაც გადაასწრო უსმან დემბელეს წინა სეზონის (2024–25) რეკორდს, რომელიც 14 ქულას (8 გოლი და 6 ასისტი) შეადგენდა.
„ერთხელ რაფაელ ნადალმა თქვა, რომ კარიერის კონკრეტულ ეტაპზე ფედერერსა და ჯოკოვიჩთან დაპირისპირება მისთვის დამატებითი მოტივაცია გახდა. ჩვენთვისაც იგივეა – „ბაიერნს“ პატივს ვცემთ, მაგრამ ეს პატივისცემა პროგრესისკენ გვიბიძგებს“, – განაცხადა „პსჟ-ს" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.
დღევანდელი მატჩი გუნდების რიგით მე- 20 ოფიციალური შეხვედრა იქნება - სტატისტიკური უპირატესობა მიუნხენელთა მხარესაა — მათ ანგარიშზე 12 გამარჯვებაა, პარიზელებმა კი მეტოქის დამარცხება 8 მატჩში მოახერხეს.
გუშინ, ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის პირველი ფინალისტი გამოვლინდა: ლონდონის „არსენალმა“ მადრიდის „ატლეტიკოს“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბუდაპეშტში 30 მაისს შედგება.