თბილისი, 6 მაისი — Sputnik. მთავრობის უმთავრესი ამოცანა საქართველოში ინფლაციური პროცესების შენელებაა, რათა თავიდან იქნას აცილებული ფასების გადაჭარბებული ზრდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში წლიური ინფლაციის (2026 წლის აპრილი 2025 წლის აპრილთან) მაჩვენებელი 5,9% -ს შეადგენს - სურსათზე ფასების წლიურმა ზრდამ 7,5% შეადგინა, ტრანსპორტზე კი 10,3%.
„ჩვენი მთავარი ამოცანა ინფლაციური პროცესების შენელებაა და ამ მიმართულებით ყველა უწყებასთან, მათ შორის ეროვნულ ბანკთან ვთანამშრომლობთ. გატარდება ყველა ზომა ინფლაციის სტაბილიზაციისთვის, რათა მისი მაჩვენებელი პროგნოზირებულ 3%-ის ფარგლებში შენარჩუნდეს“, — განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა პარლამენტთან ერთად დაიწყებს მუშაობას იმ სტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც ქვეყანაში ფასების ფორმირებაზე ახდენს გავლენას.
.„ჩვენ ვიზიარებთ საპარლამენტო კომისიის დასკვნას, რომ არსებობს სტრუქტურული პრობლემები და მათი მოგვარებით შეგვიძლია შევამციროთ მიწოდების ჯაჭვები და, შესაბამისად, ფასნამატი“, - განაცხადა კობახიძემ.
1-ელ მაისს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელმა საპარლამენტო დროებითმა კომისიამ წარმოადგინა დასკვნა, რომელშიც მოცემულია ბაზრის ანალიზი და რეკომენდაციები ფასების შესამცირებლად. თუმცა, კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ ფასების კონტროლი ან ხელოვნურად შემცირებული ფასები ბაზარზე დადებით გავლენას ვერ მოახდენს.
კომისიამ მსხვილ სავაჭრო ქსელებს შორის შეთანხმების კვალი ვერ აღმოაჩინა, თუმცა ფასების ზრდის მიზეზად მთელი რიგი სტრუქტურული პრობლემები დაასახელა.
მაგალითად, გამოვლინდა, რომ მომწოდებლებსა და მაღაზიებს შორის სათანადო სახელშეკრულებო პირობები არ არსებობს. გარდა ამისა, ქვეყანაში არ მოქმედებს მარაგებისა და მიწოდების ერთიანი ციფრული ბაზა და საერთო ლოგისტიკური სქემა. კომისიის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ციფრული დოკუმენტაციის არქონა ბაზრის სწრაფ ანალიზს აფერხებს, რაც ხელს უშლის დეფიციტზე დროულ რეაგირებას და, საბოლოო ჯამში, პროდუქციის გაძვირებას იწვევს.