პაპუაშვილი: რომ არა ფაშიზმის დამარცხება, ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა

ევროპის დღე არის ყოველწლიური ერთობის დღესასწაული ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს წევრ ქვეყნებში.
Sputnik
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. რომ არა ფაშიზმის დამარცხება და რომ არა ომში დაღუპული 300 ათასი ქართველის წვლილი, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით.
ევროპის დღე არის ყოველწლიური ერთობის დღესასწაული ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს წევრ ქვეყნებში. არსებობს ევროპის ორი სხვადასხვა დღე, რომელიც აღინიშნება 5 და 9 მაისს. გარდა ამისა, 9 მაისს საქართველო ტრადიციულად აღნიშნავს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს.
პაპუაშვილის განცხადებით, ხელისუფლება 9 მაისს უპირველეს ყოვლისა ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნას აპირებს.
„ჩვენ 9 მაისს უპირველეს ყოვლისა ვაპირებთ, აღვნიშნოთ ფაშიზმზე გამარჯვების დღე. ეს ის დღეა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით და ისტორიით არის ჩვენი წარსულის ნაწილი, რომელიც აწმყოში უნდა გვახსოვდეს. რაც შეეხება სხვადასხვა საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, ორგანიზატორებს უნდა ჰკითხოთ, რას აპირებენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ფაშიზმის დამარცხების მნიშვნელობა ევროკავშირის თითოეულმა მოქალაქემ თუ დიპლომატმა უნდა გაიაზროს.
„შარშან, სამწუხაროდ, ვერ ვიხილეთ ევროკავშირის ვერცერთი წარმომადგენელი 9 მაისის აღნიშვნის ღონისძიებაზე, სადაც ჩვენი ვეტერანები იყვნენ წარმოდგენილი. მათგან ვერცერთი სიტყვა ვერ მოვისმინეთ ფაშიზმისა და 9 მაისის მნიშვნელობაზე. რომ არა ფაშიზმის დამარცხება და ქართველების წვლილი, იქნებოდა ევროპა გეოგრაფიულად, მაგრამ იდეოლოგიურად როგორი იქნებოდა ყველამ კარგად ვიცით - რას ნიშნავდა ფაშიზმი, რას უქადდა თითოეულ ერს ჩვენი ჩათვლით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
გასულ წელს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები არ დასწრებიან ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, რომლებიც 9 მაისს, ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ თბილისში გაიმართა. როგორც მაშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, დაირღვა პროტოკოლის სტანდარტები, საელჩოებს მთავრობისთვის მოსაწვევები უნდა გაეგზავნათ. რადგან ეს არ მოხდა, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა შესაბამისად გადაწყვიტეს, ღონისძიებას არ დასწრებოდნენ.
ევროპის დღე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. სწორედ 1950 წლის 9 მაისს წარადგინა შუმანმა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ნახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და ევროპაში ომს წარმოუდგენელს ხდიდა. ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ევროპის კავშირს.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა - ქვეყანამ სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო.
საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე – 9 მაისი ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული. მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ დასრულდა, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ 300 ათასამდე დაბრუნდა. საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე.