ავლაბარში ავარიული შენობის ნაწილი ჩამოინგრა

Sputnik
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ისნის რაიონში ავარიული საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა".
შემთხვევა ავლაბარში, ფაღავას ქ. N18-ში მოხდა. საბედნიეროდ, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ისნის რაიონის გამგეობის ცნობით, აღნიშნულ ავარიულ შენობაში სულ 7 ოჯახი ცხოვრობდა, მათგან 5 გამგეობამ რამდენიმე თვის წინ ქირით გაიყვანა. ორმა ოჯახმა კი თავის დროზე უარი თქვა გამგეობის შეთავაზებაზე.
„ამჯერად ეს ორი ოჯახიც აცხადებს თანხმობას ბინის ქირით კომპენსაციაზე და ისინი უახლოეს პერიოდში დაკმაყოფილდებიან“, - განაცხადეს უწყებაში.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ისნის გამგეობის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.