თბილისი, 5 მაისი – Sputnik. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჯგუფური იერიში მიიტანეს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო და სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებზე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერესებისთვის გამოიყენებოდა, ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
როგორც უწყებაში განაცხადეს, ჯგუფური დარტყმა განხორციელდა მაღალი სიზუსტის, შორი მოქმედების სახმელეთო და საჰაერო ბაზირების იარაღითა და დამრტყმელი დრონებით, აღნიშნული იერიში კი ერთგვარი პასუხი იყო უკრაინის მხრიდან რუსეთის სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებზე.
„იერიშის მიზნები მიღწეულია, ყველა დანიშნული ობიექტი განადგურებულია", — ნათქვამია განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტრომ ასევე წარადგინა ბოლო 24 საათის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის საშუალებების მუშაობის ანგარიში. უწყების ცნობით, ლიკვიდირებულია 9 მართვადი ავიაბომბი, HIMARS-ის ორი ჭურვი, „ფლამინგოს“ ტიპის 6 შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტა და თვითმფრინავის ტიპის 601 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.
რუსეთის ოპერატიულ-ტაქტიკურმა ავიაციამ, დრონებმა და არტილერიამ ასევე იერიში მიიტანეს საბრძოლო მასალების საწყობებსა და უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების დროებითი დისლოკაციის პუნქტებზე.