როგორ შეიცვალა ბინების ფასები თბილისში - ახალი სტატისტიკა

2026 წლის პირველ კვარტალში ერთი კვადრატული მეტრი ე.წ. შავი კარკასის საშუალო ფასი ახლად აშენებულ კორპუსებში 3 322 ლარს შეადგენდა.
Sputnik
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი 2026 წლის პირველ კვარტალში 3%-ით გაიზარდა, ამასთან 2025 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ფასები 1,8%-ით გაიზარდა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ინდექსი ფასების დინამიკას ასახავს და მოიცავს ახლად აშენებულ და მშენებარე უძრავ ქონებას თბილისში.
2020 წლის საშუალო წლიურ მაჩვენებელთან შედარებით, თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსიპირველ კვარტალში 62,3%-ით გაიზარდა.
„საქსტატის" მონაცემებით, ახალაშენებული ბინების ფასები 2026 წლის იანვარ-მარტში, გასული წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 2%-ით გაიზარდა, 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით კი 3,3%-ით გაიზარდა.
თბილისში ახალაშენებულ კერძო სახლებზე ფასები 206 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 1,1%-ით გაიზარდა, 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით კი 1,8%-ით გაიზარდა.
„საქსტატის" კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა ახლად აშენებულ კორპუსებში შეადგინა: ე.წ. შავი კარკასი – 3.322 ლარი, თეთრი კარკასი – 3.600 ლარი, მწვანე კარკასი – 4.395 ლარი.
2025 წლის პირველ კვარტალში ფასები ასეთი იყო: ე.წ. შავი კარკასი - 3.236 ლარი, თეთრი კარკასი – 3.582 ლარი, მწვანე კარკასი – 4.288 ლარი.
ფასების ინდექსი მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია და მას უმეტესად საქართველოს ეროვნული ბანკი და კერძო დეველოპერები იყენებენ. ის, ერთი მხრივ, ემსახურება უძრავი ქონების განვითარებისა და ბაზრის რისკების შეფასებას, ხოლო მეორე მხრივ – უძრავი ქონების ბაზარსა და ფინანსურ სტაბილურობასთან კავშირების დადგენასა და შეფასებას.