რამდენი ავტომობილის მფლობელი დაჯარიმდა გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურებისთვის

აპრილში 592 ჯარიმა გამოიწერა ფიზიკურ პირზე, 73 - იურიდიული პირის სახელზე.
Sputnik
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟებმა 2026 წლის 1-ელი აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 665 სამართალდარღვევა გამოავლინეს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და სატრანსპორტო სექტორიდან დაბინძურების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, დეპარტამენტის ინსპექტორები ქვეყნის ოთხ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში გზებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ყოველდღიურად ახორციელებენ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ეკიპაჟები სატრანსპორტო საშუალებებს გზაზე შერჩევით აჩერებენ. კონკრეტული ავტომობილის გამონაბოლქვის შემოწმება სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით ხორციელდება.
აპრილში ყველაზე მეტი - 369 სამართალდარღვევა გამოვლინდა თბილისში, 126 - ბათუმში, 106 - ქუთაისში, 64 - რუსთავში. დაჯარიმებულთაგან 592 ფიზიკური პირია, ხოლო 73 - იურიდიული პირი. 421 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 226 - მიკროავტობუსის, 18 - სატვირთო ავტომობილის.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გამოვლენილია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 2.891 ფაქტი.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილებების თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა, შესაბამისად, 500, 1500 და 3000 ლარია.
ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით უმცირდება.
ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის - www.videos.police.ge საშუალებით.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის გარდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით სხვა არაერთ ღონისძიებას ახორციელებს: რეგულარულად ტარდება ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის შემოწმება, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას.