„ნიანგის ცრემლები": პაპუაშვილმა დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადება შეაფასა

დიდი ბრიტანეთისა და ფინეთის მიერ საქართველოში მედიის თავისუფლების მხარდასაჭერად გამოქვეყნებულმა განცხადებამ მმართველ პარტიაში უკმაყოფილების ტალღა გამოიწვია
Sputnik
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიტანეთის საელჩოს განცხადება გააკრიტიკა, მას ზედმეტად პომპეზური უწოდა და დიპმისია ორ წამყვან ქართულ მედიასაშუალებაზე თავდასხმის მცდელობაში დაადანაშაულა.
3 მაისს, პრესის დამოუკიდებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, „მედიის თავისუფლების კოალიციის” თანათავმჯდომარე სახელმწიფოებმა - დიდმა ბრიტანეთმა და ფინეთმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. განცხადებაში საუბარია საქართველოში არსებულ „შემაშფოთებელ ტენდენციებზე“ და მოყვანილია ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) მონაცემები, რომლის თანახმად, პრესის თავისუფლების რეიტინგში 2022 წელს 77-ე ადგილზე მყოფი ქვეყანა 2026 წელს 135-ე ადგილზე ჩამოქვეითდა. განცხადებაში ასევე ნახსენებია ეუთოსა და ევროპის საბჭოს ანგარიშები, ხოლო ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე მედიაზე ზეწოლის მაგალითად არის მოყვანილი.
„როდესაც კითხულობ ამ ყალბი პათეტიკით გაჯერებულ ტექსტს იმ საელჩოს მხრიდან, რომელიც უკვე ორი თვეა ორი წამყვანი ქართული მედიის მოკვლას ცდილობს, მხოლოდ ერთი შეფასება გიჩნდება - ნიანგის ცრემლები“, - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
2026 წლის 24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ ანტირუსული სანქციების ფარგლებში ქართული ტელეკომპანიები - Imedi და POSTV შავ სიაში შეიყვანა და მედიასაშუალებები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა, რაც „ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას".
მმართველ პარტიაში დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ქართული ტელეკომპანიების სანქცირებულთა სიაში შეტანას არასამართლიანი და სხვა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაში ჩარევა უწოდეს.
საქართველო და დიდი ბრიტანეთი
ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე, 2024 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა განაცხადა, რომ ლონდონმა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული „უორდროპის დიალოგი“ და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები. დიალოგი, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა, ამ პერიოდის განმავლობაში პირველად შეჩერდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პროდასავლური კურსიდან თითქოსდა უკანდახევის გამო.
უორდის თქმით, საქართველოში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობის დაკავების პირველივე თვეებში მას მოუწია ნათლად გამოეხატა თავისი ქვეყნის შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების „დემოკრატიისგან უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის“ შესახებ.
„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" ატარებს ოლივერ უორდროპის სახელს, რომელიც 1919-1921 წლებში საქართველოში დიდი ბრიტანეთის პირველი უმაღლესი კომისარი იყო. ის მოიცავს თანამშრომლობის ისეთ სფეროებს, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა და ვაჭრობა.
ამასთან, 2025 წლის აპრილში, დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართველი ჩინოვნიკების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
პირველი სანქციები 2024 წლის 19 დეკემბერს დაწესდა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის, შსს-ს მაღალჩინოსნების სულხან თამაზაშვილის, მილერ ლაგაზაურის, ზვიად ხარაზიშვილისა და ალექსანდრე დარახველიძის წინააღმდეგ. 2025 წლის 2 აპრილს სანქციების ქვეშ მყოფთა სიას მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე დაემატნენ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მტკიცებით, სანქციები 2024 წლის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში საქართველოში ჟურნალისტებზე და მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკი თავდასხმების საპასუხოდ იქნა შემოღებული.
2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ანტირუსული სანქციების ფარგლებში ქართული ტელეკომპანიები - Imedi და POSTV შავ სიაში შეიყვანა და მედიასაშუალებები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.