შარმანაშვილი: საქართველოში „ოპოზიციის ალიანსის“ მსგავს გაერთიანებას პერსპექტივა ვერ ექნება

მარტის დასაწყისში ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნისა და ხელისუფლების შეცვლის განზრახვის თაობაზე განაცხადა.
Sputnik
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. „ოპოზიციის ალიანსს“ პერსპექტივა ვერ ექნება და როგორც შეიქმნა, ისე დაიშლება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა.
მისი თქმით, დღეს საქართველოში მსგავს ოპოზიციურ გაერთიანებებს როგორც რესურსი, ისე ხალხის მხარდაჭერა ნულოვანი აქვთ, შესაბამისად, ასეთ პირობებში მათ მომავალი ვერ ექნებათ.

„არ შეიძლება მკვდრადშობილ ორგანიზაციას რაღაც ინექცია გაუკეთო და ის გაცოცხლდეს. ეს ორგანიზაცია როგორც მკვდრად იშვა, ასევე დაიშლება ყოველგვარი სახის შენარჩუნების გარეშე. მათ რიტორიკას ორი მიმართულება აქვს. პირველი მიმართულია გარე ფაქტორებისადმი, რომ ჩვენში ტყუილად არ ხარჯავთ ფულს და რაღაც რესურსი გაგვაჩნიაო და მეორე მიმართულია იმ მცირე რაოდენობის ამომრჩევლებისადმი, რომელთანაც ჯერ კიდევ ინარჩუნებენ კავშირს“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, „ოპოზიციური ალიანსის" შიგნით არსებული განხეთქილება და მისი ლიდერების განცხადებები ადასტურებს, რომ გაერთიანება გარე ძალების ზეგავლენით ჩამოყალიბდა და მყარი იდეოლოგიური საფუძველი არ გააჩნია. ოპოზიცია ცდილობს შიდა დაპირისპირების გაღრმავებას, მშვიდობიანი პოლიტიკისთვის რისკების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ნეგატიური ზეგავლენის მოხდენას, დასძინა შარმანაშვულმა.
მარტში შექმნილ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაში, რომელშიც შედიან: „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და „თავისუფლების მოედანი“, მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ აპრილში სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო უთანხმოება გაჩნდა. გაერთიანების წევრთა უმრავლესობამ ყოფილი პრეზიდენტის რიტორიკა შიდა შეთანხმებების დარღვევად და პერსონალურ თავდასხმად აღიქვა.
18 აპრილს სააკაშვილმა ოპოზიციის ტაქტიკა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „ქართველების გზა არის რევოლუცია“. მან ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობდა გამხდარიყო „ახალი მიშა“, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია.
საპასუხოდ, ალიანსში შემავალმა 8-მა პარტიამ (გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“) ერთობლივი განცხადება გაავრცელა. მათ აღნიშნეს, რომ სააკაშვილის განცხადებები ეწინააღმდეგება ურთიერთპატივისცემის პრინციპს და დათქმას, რომლის მიხედვითაც არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი ერთადერთ ლიდერად გამოაცხადოს.
„ნაცმოძრაობამ" უარი თქვა ალიანსის კრიტიკული განცხადების ხელმოწერაზე. მათი წარმომადგენლების თქმით, სააკაშვილის პოსტი იყო „ისტორიული ფაქტის კონსტატაცია“ და არა კონფრონტაცია, ხოლო ალიანსიდან გასვლას პარტია არ გეგმავს.
ციხეში მყოფმა სააკაშვილმა ალიანსის კრიტიკა განსაკუთრებით მას შემდეგ გაააქტიურა, რაც შეიტყო ოპოზიციის პირველი გეგმები 26 მაისის საპროტესტო აქციისთვის მზადების შესახებ და თავისი მოკავშირეები უმოქმედობაში დაადანაშაულა. როგორც სააკაშვილმა დაწერა, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს „ხალხი სძულთ“ და არ სურთ თავიანთი კომფორტის ზონის დატოვება. ამ განცხადებამ ალიანსის ლიდერები გააბრაზა. მათი თქმით, სააკაშვილი ცდილობს მათ პირობები უკარნახოს და სხვის აზრს პატივს არ სცემს.
ამ ეტაპზე ალიანსი ფორმალურად ინარჩუნებს ერთობას, თუმცა, წევრებს შორის სტრატეგიული და პიროვნული დაპირისპირება აშკარაა.
საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ დამოუკიდებლობის დღეს მთავრობის შეცვლის მცდელობებს ახორციელებენ „პოლიტიკურად განულებული“ ძალები, რომლებმაც დაკარგეს გარე დაფინანსება და ცდილობენ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის დესტაბილიზაციას.
ოპოზიციის გეგმები
ამასობაში, ყველა უთანხმოების მიუხედავად, ოპოზიციური ალიანსი აქტიურად აგრძელებს მზადებას 26 მაისის საპროტესტო აქციისთვის. უკვე 10 მაისისთვის ალიანსი გეგმავს აგიტაციის რეგიონებში გადატანას და საზოგადოებასთან აქტიურ შეხვედრებს, ხოლო ოპოზიციის ლიდერებმა პოლიტიკური დღის წესრიგის განსახილველად დიპლომატიურ სექტორთან შეხვედრები დაიწყეს.
თუ 2024 წლის ბოლო საპარლამენტო არჩევნებს განვიხილავთ, როგორც პარტიული ბოიკოტის გარეშე ჩატარებულ ბოლო არჩევნებს, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორმა ყოფილმა წევრმა, ნიკა გვარამიამ და ნიკა მელიამ დააარსეს, ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერით სარგებლობს. მან ფაქტობრივად „ნამოძრაობის“ ახალგაზრდული აქტივის დიდი ნაწილი „გადაიბირა“. თავად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რეიტინგში მხოლოდ მეორე ადგილზეა.
ამასთან, ნიკა გვარამიას „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ამჟამად ფინანსური მხარდაჭერით „ნაციონალურ მოძრაობას“ უსწრებს.
დანარჩენ პარტიებს პრაქტიკულად არანაირი პოლიტიკური ავტორიტეტი არ აქვთ და ისინი ალიანსებსა და კოალიციებში მოქმედებენ.
ოპოზიციის ალიანსი
მარტის დასაწყისში ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ „ოპოზიციური ალიანსის“ შექმნის შესახებ განაცხადა და განაცხადა, რომ მთავრობის შეცვლას აპირებს. ალიანსში შევიდა „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და „თავისუფლების მოედანი“.
დამფუძნებლების თქმით, ალიანსის მიზანია „ავტოკრატიული რეჟიმის“ დასრულება, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის აღდგენა და დემოკრატიული მმართველობის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის გარშემოც შეიქმნა ალიანსი, ძველებურად აგრძელებს მოქმედებას და მუშაობს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.
ხელისუფლება ამ ძალებს „რადიკალურ ოპოზიციას“ და „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებს და მათ, ასევე ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.