როდის გაიხსნება თბილისის ახალი ზოოპარკი?

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის აშენება 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ გადაწყდა.
Sputnik
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. თბილისის ახალი ზოოპარკი ვიზიტორების მიღებას, სავარაუდოდ, ივლისის პირველი ნახევრიდან შეძლებს, განაცხადა ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ ჟურნალისტებთან.
2015 წლის 13 ივნისის დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ, რომელმაც თბილისის ზოოპარკი ტერიტორია თითქმის მთლიანად გაანადგურა და მისი 600 ბინადრიდან ნახევარზე მეტი იმსხვერპლა, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის აშენება გადაწყდა. ახალი ზოოპარკისთვის 48 ჰექტარი ფართობი გამოიყო.
პროექტი, რომლის განხოციელებაც 2016 წელს დაიწყო, ითვალისწინებს თანამედროვე, უბარიერო გარემოს შექმნას, რომელიც 21-ე საუკუნის სტანდარტებს შეესაბამება. სივრცე ბიოგეოგრაფიული რეგიონების მიხედვით არის დაყოფილი: აფრიკა, კავკასია, აზია (ტროპიკული და მთიანი), სამხრეთ ამერიკა, ავსტრალია და ჩრდილოეთ ამერიკა.
გურიელის განმარტებით, ახალი ზოოპარკი მნიშვნელოვნად განსხვავდება დღეს არსებული ზოოპარკისგან - ვოლიერები გაცილებით დიდი და ბუნებრივ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულია. ამჟამად ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები, მათ შორის ტერიტორიების გამწვანება მიმდინარეობს.
„ზოოპარკის გახსნა ივლისის პირველ ნახევარში გვაქვს დაგეგმილი, თუმცა ამ ეტაპზე ზუსტი თარიღის დასახელება მიჭირს. პირველ ეტაპზე გაიხსნება ე.წ. კავკასიის ექსპოზიცია, რომელსაც ორმაგი დანიშნულება აქვს: ერთი მხრივ ვიზიტორებისთვის საგამოფენო სივრცეა, ხოლო მეორე მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი კონსერვატიული ფუნქცია, რაც გულისხმობს გადაშენების პირას მყოფი სახეობების დაცვასა და აღდგენას", - განაცხადა გურიელიძემ.
როგორც ზოოპარკის დირექტორმა აღნიშნა, კავკასიის ექსპოზიციას მოგვიანებით აფრიკის ველური ბუნების ნაწილიც შეემატება, რისთვისაც ბიუჯეტიდან ფინანსური რესურსები უკვე გათვალისწინებულია.
„მომავალ წელს ვგეგმავთ დაემატოს აფრიკა. ეტაპობრივად გაიხსნება ვოლიერები და დაემატება სხვადასხვა სახეობის ცხოველი. რაც შეეხება ჟირაფების ჩამოყვანას, ბევრ საკითხთან არის დაკავშირებული. ჯერ უნდა დავასრულოთ ვოლიერების მოწყობა და შემდეგ უნდა ჩამოვიყვანოთ, ვეცდებით მალე მოვიძიოთ ეს სახეობა“, - განაცხადა გურიელიძემ.
რაც შეეხება ბილეთის ღირებულებას, მისი თქმით, ჯერჯერობით, განსაზღვრული არ არის.
თბილისშიზოოპარკი 1927 წელს დაარსდა. მის ასაშენებლად მდინარე ვერეს ხეობაში 100 ჰექტარის ფართობის ტერიტორია გამოიყო. ზოოპარკში ფუნქციონირებს აკვარიუმი და ტერარიუმი.