ფიფია: პუტინი მხოლოდ ივანიშვილს დაელაპარაკება

პოლიტიკოსის აზრით, მხოლოდ პუტინსა და ივანიშვილს შორის პირდაპირი დიალოგითაა შესაძლებელი ქართული-რუსული ურთიერთობების მოგვარება.
Sputnik
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამჟამად ერთადერთი პოლიტიკოსია საქართველოში, რომელთანაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდება, განაცხადა პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერმა მამუკა ფიფიამ.
ფიფიას აზრით, მხოლოდ პუტინსა და ივანიშვილს შორის პირდაპირი დიალოგითაა შესაძლებელი ქართული-რუსული ურთიერთობების მოგვარება.
„დღეს საქართველოში არ არის სხვა პოლიტიკოსი, რომელთანაც ვლადიმირ პუტინი პირისპირ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდებოდა. ბატონო ბიძინა! ჟენევის ფორმატმა დიდი ხანია ამოწურა თავისი თავი. შვეიცარია რუსეთის მოწინააღმდეგე მხარედ გამოდის! ჩვენ აღარ გვჭირდება შუამავალი, მიზანშეწონილია მოლაპარაკებები გაიმართოს არა ჟენევაში, არამედ პირდაპირ თბილისსა და მოსკოვში“, - განაცხადა ფიფიამ გამოცემა „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, ივანიშვილი რეალურად უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში და სრული პასუხისმგებლობა აიღოს რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირ დიალოგზე.
.„ბატონო ბიძინა, სანამ საქართველო ნაწილებად არ დაშლილა, გამოიყენეთ ეს ისტორიული შანსი, დაბრუნდით პოლიტიკაში, ჩართეთ ამ მისიაში ახალი პატრიარქიც, დაელაპარაკეთ რუსეთის პრეზიდენტს და გადაარჩინეთ საქართველო!“, - მიმართა ფიფიამ ივანიშვილს.
როგორც ფიფიამ ინტერვიუში აღნიშნა, მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობები ჩიხში შევიდა, მან საქართველოს პატრიარქს მიმართა და სურდა მისი დარწმუნება, წერილი მიეწერა პრეზიდენტ პუტინისთვის, რათა მას ინიციატივა გამოეჩინა და პირადად დალაპარაკებოდა ბიძინა ივანიშვილს, ანუ, პატრიარქს მოლაპარაკებებში შუამავლის როლი ეტვირთა.
„დიახ, ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლის ერთადერთი გზა პირდაპირი დიალოგია არა კოზაკთან (რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე დმიტრი კოზაკი - რედ.) ან კირიენკოსთან (რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო - რედ.), არამედ უშუალოდ პრეზიდენტ პუტინთან. თუმცა, პირველ რიგში, თანამდებობა უნდა დატოვოს იმან, ვისი გადაწყვეტილებითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სერგეი კირიენკო მტრად გამოაცხადა", - განაცხადა ფიფიამ.
მან ასევე კომენტარი გააკეთა სუს-ის 2025 წლის ანგარიშთან დაკავშირებით, რომელშიც უწყება აღნიშნავს, რომ „კირიენკოს პოლიტიკა არა მარტო პროცესების სრულად მართვას ისახავდა მიზნად, არამედ მოსახლეობის განწყობებსა და აღქმებში ანექსიისთვის ხელსაყრელ ნიადაგს ამზადებდა"
„სიმართლეა, რომ სერგეი კირიენკო სარგებლობს აფხაზების ნდობით, მაგრამ პირობითად ხვალ, როდესაც პრეზიდენტი პუტინი შეუდგება საქართველოს საკითხის მოგვარებას, სწორედ კირიენკო იქნება ის ფიგურა, რომელიც აფხაზებს ქართველებთან დიალოგისკენ გადმოხრის! აქედან გამომდინარე, სუს-ის განცხადებას იმის შესახებ, რომ სერგეი კირიენკო ხელს უწყობს საქართველოს ანექსიას, მე გონივრულად არ მივიჩნევ“, - განაცხადა ფიფიამ.
პოლიტიკოსის აზრით, საქართველოს ხელისუფლების პროდასავლურ ვექტორზე დაბრუნება და კირიენკოს მტრად გამოცხადება ქვეყანას მოლაპარაკებების პროცესისგან აშორებს.
„აფხაზებისა და ოსებისთვის ბოდიშის მოხდაც კი ახლა კონტექსტიდან ამოვარდნილად ჩანს“, - აღნიშნა მან.
ფიფიას თქმით, ქართულმა მხარემ პირობა დადო, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ რუსეთთან დიალოგზე წავიდოდა, მანამდე კი რამდენიმე ნაბიჯს გადადგამდა: დაგმობდა ძალადობრივი რეჟიმის წამქეზებლებს, ასევე 2008 წლის პროვოკაციული მოვლენების პასუხისმგებელ პირებს და ამის პარალელურად - ბოდიშს მოუხდიდა ოსებსა და აფხაზებს რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის.
„ეს ნაბიჯები რუსეთის ხელისუფლების, ოსებისა და აფხაზების მიერ კეთილი ნების ჟესტად იქნებოდა აღქმული, რაც მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობა გახდებოდა. საქართველომ მართლაც დაიწყო ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მაგრამ კოზაკის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ მან ეს პროცესი შეაჩერა და ანტირუსული რიტორიკა გააგრძელა“, - განაცხადა ფიფიამ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.