თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველომ გააძლიერა ძალისხმევა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ, რის შედეგადაც გაზრდილია ნარკოტრაფიკთან დაკავშირებული დანაშაულების გამოვლენის რიცხვი, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერევანში, ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის (ECAD) მეორე სხდომაზე.
საქართველოს მთავრობის მეთაური ვიზიტით ერევანში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტში. პრემიერი სომხეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
„გასულ წელს გავაძლიერეთ ძალისხმევა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს ეხება როგორც ქვეყნის შიგნით ვაჭრობას, ასევე ტრანზიტს. მხოლოდ 2025 წელს 3 ათასზე მეტი ნარკოდილერი დავაკავეთ", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების გამოვლენის მაჩვენებელი წლის განმავლობაში 87%-ით გაიზარდა.
„საქართველო, როგორც მოგეხსენებათ, სატრანზიტო ქვეყანაა და ბუნებრივად ვაკავშირებთ აზიას ევროპასთან. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებული გამოწვევაა ნარკოტიკებით საერთაშორისო ვაჭრობის კონტექსტში", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, სამართალდამცავმა ორგანოებმა საერთაშორისო ნარკოტრეფიკის 144 შემთხვევა გამოავლინა.
„ამას, რა თქმა უნდა, დადებითი გავლენა ექნება ევროპაში ნარკოტრეფიკის დინამიკის კლებაზე", - განაცხადა კობახიძემ.
კერძოდ, გასულ წელს საქართველოში ამოიღეს 900 კილოგრამზე მეტი „ჰეროინი". მისი თქმით, ეს უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია საქართველოსთვის.
პრემიერმა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ონლაინ- გაყიდვები დაასახელა.
„ამჟამად ამ პრობლემასთან გამკლავება ჩვენი მთავარი ამოცანაა. მზად ვართ, ყველა თქვენგანთან ინტენსიურად ვითანამშრომლოთ, გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ვისწავლოთ თქვენგან, როგორ უმკლავდებით ამ პრობლემებს", - განაცხადა კობახიძემ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა ამ მიმართულებით ერთობლივი ინიციატივები შეიმუშაოს და საერთაშორისო ქსელებში ნარკოტიკებით ვაჭრობის სქემები გამოავლინოს.
საქართველოში, ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში, 2025 წელს სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ კოდექსებში მთელი რიგი ცვლილებები შევიდა, რის საფუძველზეც საბოლოოდ გაიმიჯნა ნარკოტიკული საშუალებების შენახვისა და რეალიზაციის საკითხები და მნიშვნელოვნად გამკაცრდა ნარკოტიკების რეალიზაციისთვის საპატიმრო სასჯელები.