თბილისი, 3 მაისი — Sputnik. მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენო უწმინდესი და უნეტარესი, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და მის მიერ დაარსებული საყოველთაო ნათლობების შესანიშნავი ტრადიცია, რომელმაც ამდენი სარგებელი და სიხარული მოუტანა ჩვენს ხალხს, ინებოს უფალმა, რომ ჩვენს ეკლესიაში ეს ტრადიცია კვლავაც გაგრძელდეს, განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ქადაგებისას.
საყოველთაო ნათლობის იდეა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს ეკუთვნის - 2008 წელს, დემოგრაფიული კრიზისისა და შობადობის კლების პიკის ფონზე, ილია მეორემ ტელევიზიით მიმართა ერს და განაცხადა, რომ მზად იყო ქართულ ოჯახში ყოველი მესამე ბავშვის ნათლია გამხდარიყო.
როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, მაკურნებელი წყალი ეს არის საღვთო მადლი, რომელიც ეკლესიაში მოქმედებს.
„გილოცავთ აღდგომიდან მეოთხე კვირას, რომელსაც განრღვეულის კვირა ეწოდება, ვინაიდან დღეს სახარებიდან წაკითხული იყო უფალ იესო ქრისტეს მიერ განრღვეულის განკურნების შესახებ. იგი 38 წელი ავადმყოფობდა ამ უმძიმესი სენით და იწვა იერუსალიმში, „ბეთეზდად“ წოდებულ საბანელთან, სადაც წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდა ანგელოზი, ამ საბანელში წყალს ამღვრევდა და ვინც პირველი მოასწრებდა წყალში ჩასვლას, იკურნებოდა", - განაცხადა მეუფე შიომ.
მისი თქმით, დღესაც არსებობს ეს სასწაულთმოქმედი საბანელი, ემბაზი, რომელშიც ადამიანები განიწმინდებიან, იკურნებიან, „მკვდრეთით აღდგებიან, ოღონდ ეს არის უმეტესად სულიერი კურნება და სულიერი სიკვდილისგან აღდგომა".
„რა არის ეს საბანელი, ეს ემბაზი? ეს არის ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია, ხოლო მისი მაკურნებელი წყალი – ეს არის საღვთო მადლი, რომელიც ეკლესიაში მოქმედებს, მაგრამ იმისთვის, რომ ადამიანმა მიიღოს ეს კურნება, მთელი გულით, მთელი გონებით უნდა ითხოვდეს ამას და ლოცულობდეს. რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეისმენდეს ეკლესიის ხმას და სწავლებას", - განაცხადა მეუფემ.
როგორც მეუფე შიომ ბრძანა, ასევე საჭიროა, რომ ადამიანს ჰყავდეს ადამიანი, ვინც სულიერად დავრდომილს ამ საბანელამდე - ეკლესიამდე მიიყვანს.
პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება იყო - ილია მეორე ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავდა.
პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა, ბოლო, 72-ე საყოველთაო ნათლობა კი 2025 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე გაიმართა. პატრიარქის ნათლულთა საერთო რაოდენობა 50 ათასს აღემატება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.