მერია: ონიაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

შეზღუდვა 4 მაისის 10:00 საათიდან სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე იმოქმედებს
Sputnik
საბურთალოს რაიონში, ოთარ ონიაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, შეზღუდვა 4 მაისის 10:00 საათიდან სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე იმოქმედებს - ინფრასტრუქტურულ პროექტს საბურთალოს რაიონის გამგეობა განახორციელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბუდაპეშტის ქუჩიდან ზურაბ ჟვანიას მოედანზე ავტომობილები გადაადგილებას გურამ ფანჯიკიძის ქუჩისა და პეკინის გამზირის გავლით შეძლებენ, ხოლო საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ავტომობილები ბუდაპეშტის ქუჩაზე მოხვედრას სიმონ კანდელაკის ქუჩის გამოყენებით მოახერხებენ.
ზურაბ ჟვანიას ქუჩიდან მირზა გელოვანის, ტაშკენტისა და ცხინვალის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება სიმონ კანდელაკისა ან ლვოვის ქუჩების გავლით.
თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.