თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც სომხეთი მასპინძლობს, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტი ერევანში 4 მაისს გაიმართება. აღნიშნული პლატფორმა ევროპელი ლიდერების რეგულარული (წელიწადში ორჯერ) შეხვედრებისთვისაა განკუთვნილი.
კობახიძე სიტყვით გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში, რომლის მთავარი თემა დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოებაა.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე დაესწრება ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტის გახსნის პლენარულ სესიას, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის (ECAD) მეორე შეხვედრაში.
მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც, სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანისა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სახელით, ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტში მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად გაიმართება.
ირაკლი კობახიძე ერევანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
საქართველო და სომხეთი
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი მონაცემებით, 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა "სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.
2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.