საქართველოში გარემოს დანაგვიანებაზე ჯარიმები 6000 ლარს აღწევს: დეტალურად

ჯარიმების ოდენობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის.
Sputnik
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოში, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებაზე ჯარიმა 80-დან 6 ათას ლარამდე შეადგენს, რაც დამოკიდებულია ნარჩენების ტიპსა და რაოდენობაზე, ასევე იმაზე, სამართალდამრღვევი ფიზიკური პირია თუ იურიდიული. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, გარემოს 2 კგ-მდე საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებისთვის ჯარიმა 80 ლარიდან იწყება, ხოლო დიდი მოცულობის (თუ ნარჩენი 2 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს ფარავს) ნარჩენით გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით.
სხვადასხვა სახის დარღვევებისთვის ჯარიმების ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად:
2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში ჯარიმა 80 ლარია. იგივე ქმედების საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობა-ნაგებობიდან ჩადენის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს 200 ლარის გადახდა მოუწევს;
მუნიციპალური ნარჩენით გარემოს ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან დანაგვიანების შემთხვევაში მძღოლი, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში - დამრღვევი 250 ლარით დაჯარიმდება.
5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანებაზე ჯარიმა 500 ლარია. 5 ან მეტი საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანებაზე კი - 2 000 ლარი;
2 კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის (მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსი საგნის) ნარჩენით გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
2 კგ ან 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას - 1 500 ლარის ოდენობით;
1 მ3-ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებაზე ჯარიმა ფიზიკური პირის შემთხვევაში 1 000, იურიდიული პირის შემთხვევაში კი - 3 000 ლარია;
დიდი მოცულობის (თუ ნარჩენი 2 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს ფარავს) ნარჩენით გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით;
ნარჩენების მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს აქტით განსაზღვრული ნარჩენების შეგროვების კონტეინერში არადანიშნულებისამებრ მოთავსებაზე (მათ შორის, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების კონტეინერში მოთავსება) ჯარიმა ფიზიკური პირის შემთხვევაში 200, იურიდიული პირის შემთხვევაში კი - 1 000 ლარია.