თბილისი, 2 მაისი — Sputnik. 2026 წელს ყურძნის ფასი მის ხარისხზე იქნება დამოკიდებული და სუბსიდირების ნაცვლად სახელმწიფო ჭარბი მოსავლის შეძენის გარანტი გახდება, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.
მევენახე-ფერმერების მიერ მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის, ყურძნის ხარისხის შენარჩუნებისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას 2020 წლიდან ახორციელებდა. იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ვერ შეისყიდის მთელ მოსავალს, კახეთის რეგიონში ჭარბი ყურძნის მიღებას სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" უზრუნველყოფდა.
„შარშან რთველის დროს სატესტოდ იყო ყურძნის ფასის ხარისხობრივი დაყოფა. წელს უკვე გაცხადებულად ვთქვით, რომ იქნება გრადაცია და ფასი იქნება ხარისხიდან გამომდინარე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს გაცხადებულ პოლიტიკას, რომ უნდა ვაწარმოოთ ხარისხიანი პროდუქცია“, - აღნიშნა სონღულაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფომ რთველის სუბსიდირებაზე უარი თქვა და დღეს სახელმწიფო არის ჭარბი მოსავლის შეძენის გარანტი, რაც ნიშნავს, რომ არც ერთ მევენახეს არ ექნება პრობლემა თავისი მთელი წლის ნაშრომის რეალიზების და ჩაბარების.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ყურძნის შესყიდვის ინტერესს არ გამოხატავს, სახელმწიფო განსაზღვრავს შესასყიდ ფასებს შაქრიანობის მიხედვით.
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ნებადართული ჯიშების ყურძნის შემთხვევაში, თუ შაქრიანობა აღემატება 20%-ს, ფასი 1.30 ლარია, 17%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში - 0.80 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლების შემთხვევაში - 0.30 ლარი. რაც შეეხება საფერავს, 22%-ზე მეტი შაქრიანობის შემთხვევაში ფასი 1.50 ლარია, 17%-დან 22%-მდე - 0.90 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლების შემთხვევაში - 0.30 ლარი.
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მონაცემებით, 1961 წლის შემდეგ, ამ ეტაპზე, მსოფლიო მასშტაბით ღვინის მოხმარება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ღვინის მოხმარება განსაკუთრებით შემცირდა ბოლო 10 წელიწადში.
2025 წლის 23 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს მევენახეობის რეგიონებში 330 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი, რეკორდული მაჩვენებელია.
ქვეყნის მასშტაბით მოსავალი 21,2 ათასმა მევენახე ფერმერმა დააბინავა.