თბილისი, 2 მაისი - Sputnik. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტმა საწვავის ბაზარზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია, თუმცა საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების შემსწავლელი კომისიის ანგარიშის თანახმად, მისი შემცირების სწრაფი მექანიზმები არ არსებობს.
„საქართველო უშუალოდ ახლო აღმოსავლეთიდან საწვავს მცირე მოცულობით იღებს, თუმცა Brent-ის ნავთობი წარმოადგენს საერთაშორისო ბაზარზე ნედლი ნავთობის ერთ-ერთ მთავარ საორიენტაციო ფასს, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საწვავის გლობალურ და ადგილობრივ ფასებზე“, - ნათქვამია დასკვნაში.
შედეგად, რეგიონში ნებისმიერი კონფლიქტი ზრდის ნავთობის ფასს, სადაზღვევო ტარიფებს, საზღვაო გადაზიდვის ხარჯებს და ლოგისტიკურ გაურკვევლობას. და ეს საქართველოზეც აისახება.
კომისიის ინფორმაციით, საქართველოში საწვავის ფასი ფორმირდება მრავალკომპონენტიანი სტრუქტურის საფუძველზე, რომელიც მოიცავს საერთაშორისო შესყიდვის ფასს, საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტირებას, სადაზღვევო და ლოგისტიკურ ხარჯებს, საგადასახადო კომპონენტებს (აქციზი და დღგ), აგრეთვე საოპერაციო დანახარჯებსა და საცალო მარჟას.
სექტორის ფინანსური სტრუქტურა აჩვენებს, რომ პროდუქტის თვითღირებულება შეადგენს საშუალოდ 88%-ს, საოპერაციო ხარჯები 7.5%-ს (არ ითვალისწინებს საპროცენტო ხარჯს - 1.5%), ხოლო წმინდა საოპერაციო მოგება (Net Profit) დაახლოებით 3%-ის ფარგლებში მერყეობს.
კომისია აღნიშნავს, რომ აქციზი ფასის ერთ-ერთი კომპონენტია და მისი ზეგავლენა საბოლოო ფასზე შეზღუდულია.
„სწორედ ამიტომ, მისი შემცირება ან გაუქმება ვერ ჩაითვლება საწვავის ფასების მდგრადი შემცირების ეფექტიან მექანიზმად. თეორიულად, ასეთი ნაბიჯი გამოიწვევდა მხოლოდ ერთჯერად, შედარებით მცირე შემცირებას, თუმცა პრაქტიკაში ეს ეფექტი სრულად და მყისიერად არ აისახება“, - ნათქვამია დასკვნაში.
კომისია აღნიშნავს, საქართველოს საწვავის ღირებულებათა ჯაჭვი შედარებით მოკლეა და ძირითადად მოიცავს უცხოელ მომწოდებელს, იმპორტიორს, ნავთობის ბაზას და შიდა ლოგისტიკას.
„მიუხედავად ამისა, ჯაჭვი სრულად გარე წყაროებზეა დამოკიდებული. ეს გარემოება ქმნის მთავარ სტრუქტურულ რისკს - მიწოდების წყაროების შეზღუდულ დივერსიფიკაციას. თუ რომელიმე მიმართულებით ლოგისტიკური შეფერხება, სანქცია ან პოლიტიკური დაძაბულობა წარმოიქმნება, საქართველოზე გავლენა თითქმის მყისიერია“, - აღნიშნულია დასკვნაში.
დამატებითი გამოწვევაა ბაზრის მცირე მასშტაბიც, რადგან ქვეყანა ხშირად ვერ იღებს ისეთ ხელსაყრელ ფასებსა და გრძელვადიან პირობებს, როგორსაც უფრო დიდი მომხმარებლები იღებენ.
რეკომენდაციები ფასებთან დაკავშირებით
რეკომენდაცია 1. მარაგების მართვის გაძლიერება წინასწარ განსაზღვრული მინიმალური მარაგების ეფექტიანი დაგეგმვა ამცირებს დროებითი და ლოგისტიკური შეფერხებების, აგრეთვე გარე შოკების გავლენას შიდა ბაზარზე. აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს მიწოდების უწყვეტობას და მოკლევადიან პერიოდში ამცირებს ფასების მკვეთრი რყევების რისკს.
რეკომენდაცია 2. იმპორტის წყაროების დივერსიფიკაციის სტიმულირება მომწოდებელი ქვეყნების დივერსიფიკაცია ამცირებს ერთ კონკრეტულ ბაზარზე დამოკიდებულებას და ზრდის სექტორის მდგრადობას გარე შოკების მიმართ. ალტერნატიული წყაროების არსებობა ასევე აძლიერებს შესყიდვის კონკურენტულ პირობებს ლოგისტიკური ხარჯების ნაწილში, ამცირებს რისკების კონცენტრაციას და დადებითად აისახება ფასების ფორმირებაზე.
რეკომენდაცია 3. ლოგისტიკური ჯაჭვის ოპტიმიზაცია ლოგისტიკური ჯაჭვის ოპტიმიზაცია წარმოადგენს საწვავის ფასის შემცირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან შიდა ფაქტორს. მიწოდების პროცესში თითოეული დამატებითი რგოლი ზრდის ტრანსპორტირების, შენახვისა და გადანაწილების ხარჯებს, რაც საბოლოოდ აისახება პროდუქტის თვითღირებულებასა და საცალო ფასზე. შესაბამისად, რაც უფრო მოკლე და ეფექტიანად ორგანიზებულია მიწოდების ჯაჭვი, მით ნაკლებია ხარჯების აკუმულაცია თითოეულ ეტაპზე და მით უფრო ოპტიმიზებულია საბოლოო ფასის სტრუქტურა. ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ლოგისტიკური პროცესების ცენტრალიზაციას, ინფრასტრუქტურის განვითარებას (საცავები, ტერმინალები) და დისტრიბუციის ოპტიმიზაციას. ეფექტიანი ლოგისტიკური მოდელი ამცირებს არა მხოლოდ პირდაპირ ტრანსპორტირების ხარჯებს, არამედ ოპერაციულ დანახარჯებს, დანაკარგებსა და დროით შეყოვნებებს, რაც მთლიანობაში ზრდის სექტორის პროდუქტიულობას.
რეკომენდაცია 4. თვითმომსახურების მოდელების ეტაპობრივი დანერგვა თვითმომსახურების მოდელებზე ეტაპობრივი გადასვლა წარმოადგენს საოპერაციო ეფექტიანობის გაზრდის ერთ-ერთ ინსტრუმენტს. ასეთი მიდგომა აჩქარებს მომსახურების პროცესს და ზრდის სერვისის გამტარუნარიანობას, განსაკუთრებით მაღალი დატვირთვის ობიექტებში. ამასთან, თვითმომსახურების ელემენტების დანერგვა (მაგალითად, გადახდისა და მომსახურების პროცესების ავტომატიზაცია) საშუალებას აძლევს კომპანიებს ოპტიმიზაცია გაუკეთონ ოპერაციულ ხარჯებს და ნაწილობრივ შეარბილონ ფასზე ზეწოლა.