თბილისი, 2 მაისი — Sputnik. სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების შემსწავლელმა კომისიამ საქართველოში მედიკამენტებისა და ბავშვთა კვების ფასის შემცირების საკუთარი მეთოდები წარმოადგინა, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების გზით.
მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით კომისიის მთავარი რეკომენდაციაა რეფერენტული ფასების სისტემის გაფართოება, რა დროსაც სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს, აფთიაქის ფასნამატის გათვალისწინებით, მედიკამენტების საბითუმო ფასიდან გამომდინარე.
„რეფერენტული ფასების სისტემა უკვე ჩამოყალიბდა როგორც ეფექტიანი ინსტრუმენტი, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა ფასები რეგულირებულ სეგმენტში და გაზარდა მედიკამენტების ხელმისაწვდომობა“, - აღნიშნულია დასკვნაში.
კომისიის აზრით, აღნიშნულის საფუძველზე, მიზანშეწონილია სისტემის გაფართოება და მისი გავრცელება აქტიურად მბრუნავი მედიკამენტების მინიმუმ 60%-ზე. „შედეგად, მოსალოდნელია, რომ მოსახლეობას საშუალოდ 40%-ით შეუმცირდება ფასები იმ მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასები დღეს არ მოქმედებს“, - ნათქვამია დოკუმენტში.
კიდევ ერთი რეკომენდაციაა ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამის გაფართოება, რომელიც აფინანსებს მედიკამენტების ხელმისაწვდომობას მოწყვლადი ჯგუფებისთვის.
„შესაბამისად, მიზანშეწონილია პროგრამის ეტაპობრივი გაფართოება და დამატებითი მედიკამენტების ჩართვა. ეს უზრუნველყოფს ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტებზე წვდომის ზრდას“, - აღნიშნულია დასკვნაში.
მომდევნო რეკომენდაციაა ადგილობრივი წარმოების განვითარება და ბაზარზე მედიკამენტების სწრაფი ხელმისაწვდომობა.
„მიზანშეწონილია რეგისტრაციის პროცედურების გამარტივება იმ მედიკამენტებისთვის, რომლებიც 10 წელზე მეტი ხნით არიან მიმოქცევაში იმ ქვეყნებში, სადაც მოქმედებს EMA და სხვა მკაცრი მარეგულირებლები. აღნიშნულ შემთხვევებში ბიოექვივალენტობის კვლევების მოთხოვნის მოხსნა მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც ფინანსურ, ისე დროულ დანახარჯებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი მწარმოებლებისთვის“, - აღნიშნულია დასკვნაში.
კომისიის წინადადებაა ეროვნული რეჟიმით რეგისტრაციის მექანიზმის გაძლიერება და მისი უფრო ეფექტიანად გამოყენება უცხოური მწარმოებლების ეროვნული GMP სერტიფიცირების მიზნით.
„აღნიშნული ხელს შეუწყობს ბაზარზე ახალი მედიკამენტების სწრაფ შემოსვლას, გაზრდის კონკურენციას და გააფართოებს პროდუქციის ასორტიმენტს, რაც საშუალოვადიან პერიოდში დადებითად აისახება ფასების დინამიკასა და ხელმისაწვდომობაზე“, - განმარტებულია განცხადებაში.
გარდა ამისა, კომისიის აზრით, საჭიროა მონიტორინგისა და დეფიციტების პრევენციის ერთიანი, კოორდინირებული მექანიზმის ჩამოყალიბება.
„ამ მიზნით მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, ისე მთლიან ბაზარზე, მედიკამენტების ხელმისაწვდომობის მუდმივი მონიტორინგი. ასევე, მათი პრევენციისთვის შესაბამისი ზომების გატარება, მათ შორის მწარმოებლებთან და მომწოდებლებთან ხელშეკრულებების პირობების გადახედვა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მედიკამენტების უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა“, - ნათქვამია დასკვნაში.
აგრეთვე, კომისიამ წარმოადგინა ბავშვთა კვების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მეთოდი.
კერძოდ, ბავშვთა კვების პროდუქტები წარმოადგენს სოციალურად მგრძნობიარე სეგმენტს, რომლის ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმპორტზე დამოკიდებულება და მიწოდების შედარებით გრძელი ჯაჭვი.
„აღნიშნულის საფუძველზე, მიზანშეწონილია ბავშვთა კვების პროდუქტებზე ცენტრალიზებული შესყიდვების მექანიზმის დანერგვის ხელშეწყობა, რაც გაზრდის შესყიდვის მოცულობას და შექმნის უკეთესი ფასის მოლაპარაკების შესაძლებლობას მომწოდებლებთან“, - ნათქვამია დასკვნაში.
კომისიის სრული ანგარიში ხელმისაწვდომია პარლამენტის ვებსაიტზე. ის განსახილველად მთავრობას წარედგინება, რის შემდეგაც მთავრობა გადაწყვეტს, კომისიის მიერ რეკომენდებული ღონისძიებებიდან რომელი უნდა განხორციელდეს.