საქართველო ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს

საქართველომ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის საერთაშორისო დონის ღონისძიებებს უკვე ორჯერ უმასპინძლა.
Sputnik
თბილისი, 1 მაისი - Sputnik. საქართველო 2027 წელს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს.
შესაბამისი გადაწყვეტილება საფრანგეთის ქალაქ დიჟონში მიმდინარე ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის საგაზაფხულო სესიაზე მიიღეს.
განაცხადი, 2027 წელს გამხდარიყო OIV-ის მსოფლიო კონგრესის მასპინძელი ქვეყანა, საქართველოსმ ოფიციალურად 2025 წელს წარადგინა.
"აღნიშნული გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ ხაზი გაესმება საქართველოს როლს ღვინის კულტურის მსოფლიო რუკაზე, რომ საქართველო უმნიშვნელოვანესი მევენახეობა-მეღვინეობის ქვეყანაა, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და მისი სახელის დამკვიდრებას გლობალურ ბაზარზე", – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.
საქართველომ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის საერთაშორისო დონის ღონისძიებებს უკვე ორჯერ უმასპინძლა – 1962 წელს 33-ე საერთაშორისო კონგრესს, ხოლო 2010 წელს – ორგანიზაციის მე-8 გენერალურ ასამბლეას.
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია (OIV) წარმოადგენს საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაციას, რომელიც 51 წევრ ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის საქართველოს. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის სპეციალური ღვინოების სიაში რვა ქართული ღვინოა შესული.
ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს წევრ ქვეყნებში მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში რეკომენდაციების შემუშავებას, ღვინის წარმოებისა და ყურძნის გადამუშავების პრაქტიკის გაუმჯობესებას, ასევე საერთაშორისო სტანდარტების შექმნასა და განვითარებას.
ქართული ღვინის ტრადიცია
საქართველოში ღვინის დამზადების ტრადიცია რვა ათას წელს ითვლის. მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში. ღვინისა და ვაზის გამოსახულებები გამოყენებულია ხალხურ ხელოვნებაში, სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში. 2017 წელს საერთაშორისო სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.
საქართველოში დღეს ყურძნის 525 ჯიშია აღრიცხული, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.
2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.