თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების შემსწავლელმა კომისიამ შეიმუშავა სურსათის ფასების შემცირების სტრატეგია.
კომისიის რეკომენდაციები მოიცავს სამ სფეროს - საშუალოვადიან, გრძელვადიან და მოკლევადიან ზომებს - რომლებიც საქართველოში სურსათის ფასების შემცირებაზე აისახებოდა.
საშუალოვადიანი სტრატეგია გულისხმობს სურსათის სექტორისთვის ინსტიტუციური ჩარჩოს შემუშავებას.
„სექტორში პრაქტიკულად არ არსებობს ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფდა მისი ფუნქციონირების სისტემურ მონიტორინგს და ფასების ფორმირების პროცესის გამჭვირვალობას“, - აღნიშნულია დასკვნაში.
კომისიის აზრით, აუცილებელია საშუალოვადიან პერიოდში ისეთი ინსტიტუციური მექანიზმების შექმნა, რომლებიც გააუმჯობესებს ბაზრის გამჭვირვალობას, შეამცირებს ღირებულებათა ჯაჭვში არსებულ ასიმეტრიას და შექმნის უფრო კონკურენტულ და პროგნოზირებად გარემოს.
სტრატეგია კერძოდ ითვალისწინებს სპეციალიზებული ინსტიტუციური მექანიზმის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს ბაზრის უფრო ეფექტიან მონიტორინგს, გამჭვირვალობას და კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებას.
კომისიის თვალსაზრისით, აღნიშნული შეიძლება განხორციელდეს ორი ალტერნატიული მოდელით:
დამოუკიდებელი სექტორული მარეგულირებლის შექმნა;
არსებული ინსტიტუციის ფარგლებში შესაბამისი ფუნქციის გაფართოება (მაგ. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო).
კომისია ფიქრობს, რომ ინსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში შესაძლებელი იქნება ბაზრის მსხვილი მოთამაშეების იდენტიფიკაცია და კატეგორიზაცია, მათ შორის იმ სუბიექტების გამოყოფა, რომლებიც ფლობენ გადამეტებულ საბაზრო ძალაუფლებას.
„აღნიშნული შეიძლება ეფუძნებოდეს ობიექტურ კრიტერიუმებს, როგორიცაა წლიური ბრუნვა ან საცალო ქსელების მასშტაბი. ეს საშუალებას მისცემს მარეგულირებელს გამოიყენოს მიზნობრივი ინსტრუმენტები კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად და არა ერთიანი, ზოგადი მიდგომა მთელი სექტორის მიმართ“, - ნათქვამია დასკვნაში.
კიდევ ერთი მნიშვნწლოვანი ნაბიჯი იქნებოდა კომერციული ურთიერთობების სტანდარტიზაციის ჩარჩოს შემუშავება.
„სექტორში არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ კომერციული პირობები ხშირად არასტანდარტიზებულია და ხასიათდება მნიშვნელოვანი ძალთა დისბალანსით საცალო ქსელებსა და მომწოდებლებს შორის. ეს განსაკუთრებით აისახება გადახდის ვადებზე, დამატებით კომერციულ გადასახადებზე (ქსელში შესვლის საფასური, თაროს გადასახადი, ქეშბექი და სხვა.) და ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რაც ზრდის საბრუნავი კაპიტალის წნეხს და ამცირებს ოპერაციულ ეფექტიანობას“, - წერია დასკვნაში.
ამ პრობლემის გადასაჭრელად კომისია სთავაზობს შემდეგ ნაბიჯებს:
წერილობითი ხელშეკრულებების დადების ვალდებულება;
გადახდის ვადების სტანდარტიზაცია და მათი ზედა ზღვრის განსაზღვრა (განსაკუთრებით მალფუჭებადი და სწრაფად ბრუნვადი პროდუქციის შემთხვევაში);
კომერციული პირობების ცალმხრივი შეცვლის აკრძალვა ხელშეკრულების ვადის გასვლამდე;
კომერციული გადასახადების გამჭვირვალობის ზრდა;
მცირე და საშუალო მწარმოებლებისთვის კომერციული ურთიერთობების გამარტივება;
მომწოდებლებისთვის გაყიდვების მონაცემებზე სისტემური და დროული წვდომის უზრუნველყოფა.
„შედეგად, აღნიშნული ჩარჩოს დანერგვა უზრუნველყოფს მომწოდებლებსა და საცალო ქსელებს შორის კომერციული ურთიერთობების უფრო დაბალანსებულ სტრუქტურას, შეამცირებს საბრუნავი კაპიტალის წნეხს მომწოდებლებისთვის და გააუმჯობესებს სექტორში კონკურენტულ გარემოსა და ხარჯების ეფექტიანობას“, - აღნიშნავს კომისია.
კომისიის აზრით, შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტორია სექტორული მონიტორინგის სისტემის დანერგვა.
„სექტორში ეფექტიანი მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება წარმოადგენს კრიტიკულ წინაპირობას მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკისთვის, რადგან არსებული მდგომარეობა ხასიათდება ინფორმაციის ფრაგმენტაციით და შეზღუდული ხილვადობით ფასების ფორმირების პროცესში“,- აღნიშნულია დასკვნაში.
ამისათვის კი უნდა გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები:
მსხვილი ბაზრის მონაწილეების ვალდებულებაა რეგულატორს მიაწოდონ ინფორმაცია გაყიდვების მოცულობებზე, ფასებზე, მარჟებზე, ფასდაკლების მოდელებზე და მარაგებზე;
სექტორული მონაცემების გაციფრულება და ცენტრალიზებულ პლატფორმაზე განთავსება;
რეგულარული ანალიტიკის წარმოება ბაზრის დინამიკისა და ფასების ფორმირების პროცესზე;
მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ნაწილობრივი საჯარო ხელმისაწვდომობა აგრეგირებული ფორმით.
„შედეგად, გაიზრდება ბაზრის ოპერაციული მონაცემების გამჭვირვალობა, გაუმჯობესდება ფასების დინამიკის უფრო ეფექტიანი მონიტორინგისა და ანალიზის შესაძლებლობა, ამაღლდება მომხმარებლისა და ბაზრის მონაწილეების ინფორმირებულობა და შემცირდება ინფორმაციული ასიმეტრია ღირებულებათა ჯაჭვში“, -ნათქვამია დოკუმენტში.
გარდა ამისა, სექტორში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა უკავშირდება ნაშთების მართვას და მიწოდების ჯაჭვში ინფორმაციის არასაკმარის გამჭვირვალობას, რაც ართულებს მოთხოვნის დაგეგმვას და ქმნის დამატებით ოპერაციულ ხარჯებს.
ამისათვის უნდა გადაიდგას შემდეგი:
საცალო ქსელებს, დისტრიბუტორებსა და მწარმოებლებს შორის მონაცემთა გაცვლის სტანდარტიზაცია;
მარაგების მართვის სისტემების გაციფრულება და ინტეგრაცია მიწოდების ჯაჭვში;
რეალურ დროში მონაცემებზე დაფუძნებული მოთხოვნისა და მიწოდების დაგეგმვის ინსტრუმენტების დანერგვა;
ბაზრის მონაწილეებისთვის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა.
„შედეგად, გაუმჯობესდება ნაშთების მართვის ეფექტიანობა, შემცირდება ოპერაციული დანაკარგები და ლოგისტიკური ხარჯები, გამარტივდება მოთხოვნის პროგნოზირება და მიწოდების დაგეგმვა. ამასთანავე, მიწოდების ჯაჭვში ინფორმაციის გამჭვირვალობის ზრდა ხელს შეუწყობს ბაზრის საერთო ეფექტიანობის ზრდას და ფასებზე დამატებითი ზეწოლის შემცირებას“, - აღნიშნულია დასკვნაში.
სექტორის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია ითვალისწინებს მნიშვნელოვან სტრუქტურულ ცვლილებებს, რაც მიზნად ისახავს ძირეული ხარჯების სტრუქტურის გაუმჯობესებას, რაც მოიცავს როგორც მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციას, ისე კონკურენტული ალტერნატიული პროდუქციის განვითარებას.
ამ კონტექსტში გამოიკვეთა ორი ცენტრალური მიმართულება:
მიწოდების ჯაჭვის დამოკლება და ლოგისტიკის ცენტრალიზაცია, რაც ამცირებს შუალედურ
რგოლებს, შესაბამისად ზედმეტ მარჟებსა და ხარჯებს, და ქმნის საფუძველს ფასების სტრუქტურული შემცირებისთვის;
კერძო ეტიკეტის (Private Label) სისტემური განვითარება, რომელიც ქმნის პირდაპირ კონკურენტულ ზეწოლას ბრენდირებულ პროდუქციაზე.
აღნიშნული მოდელი ეფუძნება უფრო მოკლე და ეფექტიან მიწოდების ჯაჭვს, შუალედური მარჟების შემცირებას და ოპერაციული ხარჯების ოპტიმიზაციას, რის შედეგადაც კერძო ეტიკეტის (Private Label) პროდუქცია საშუალოდ 20%-25%-ით უფრო იაფია და ეს ადგილობრივ წარმოებას შეუწყობს ხელს.
გარდა ამისა, გრძელვადიან პერსპექტივაში კომისია ხედავს გამოსავალს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერაში ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც გააუმჯობესებს კომპანიების ლიკვიდობას, კაპიტალზე წვდომას და ოპერაციულ ეფექტიანობას.
როგორც კომისია მიიჩნევს, მოკლევადიან პერიოდში ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტი საქართველოსთვის არ არის მკაცრი ფასების პირდაპირი კონტროლი, არამედ ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ფასების გამჭვირვალობას, კონკურენციის გაძლიერებას და მომხმარებლის ინფორმირებულობას.
„მიზანშეწონილია ინტერვენციები იყოს პროპორციული, მსუბუქი და ბაზრის მექანიზმებზე მორგებული, რათა არ დაირღვეს ფასების ფორმირების არსებული მოდელი (Hi-Lo) და არ მოხდეს ბაზრის დისბალანსი“, - ნათქვამია დასკვნაში.
ინტერვენციის მექანიზმის შემუშავება მიზანშეწონილია დაეფუძნოს ევროპის საუკეთესო პრაქტიკებს, როგორიცაა საფრანგეთისა და საბერძნეთის ინტერვენციის მოდელი, სადაც ინფლაციური წნეხის მართვა ხორციელდება მსუბუქი, ბაზარზე და კონკურენციაზე ორიენტირებული ინსტრუმენტების გამოყენებით.
მსუბუქი ინტერვენციის მთავარი მიზანია ბაზრის ქცევის სისტემური ოპტიმიზაცია: მომხმარებლის მუდმივი ინფორმირებულობა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით და საცალო ქსელების მიერ კონკურენტული შეთავაზებების წახალისება.
ინტერვენციები და სუბსიდიები ფასების შეკავების მიზნით
კომისია არ იწონებს ფასების ხელოვნურ შემცირებას სწრაფი ეფექტის მისაღწევად.
„სწრაფი მოხმარების პროდუქტების სექტორში ნებისმიერი ინტერვენცია მოითხოვს მაღალი სიზუსტის, თანმიმდევრულ და ეტაპობრივ პოლიტიკურ მიდგომას. ერთმხრივმა ან მოკლევადიან ეფექტზე ორიენტირებულმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა დროებით შექმნას ფასების კონტროლის აღქმა, თუმცა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში გამოიწვიოს საბაზრო პრინციპების დარღვევა“, - ნათქვამია დასკვნაში.
კომისია მიიჩნევს, რომ სწრაფი მოხმარების პროდუქტების სექტორში ნებისმიერი პოლიტიკისა და ინტერვენციის განხორციელება დაკავშირებულია რისკებთან, რაც განპირობებულია ბაზრის კომპლექსური სტრუქტურით და ფასის ფორმირების მრავალსაფეხურიანი მექანიზმით.
„აგრესიულმა ჩარევებმა შესაძლოა გამოიწვიოს ბაზრის მნიშვნელოვანი დისტორცია, ფასებზე დამატებითი წნეხი, რესურსების არაეფექტიანი გადანაწილება და ბაზრის დისბალანსის გაღრმავება. ეს განსაკუთრებით მაღალი რისკის მატარებელია საქართველოს კონტექსტში, იმის გათვალისწინებით, რომ სექტორი გამოირჩევა მაღალი ბრუნვის მოცულობით“, - ნათქვამია დოკუმენტში.
კომისიის დასკვნით, ფასებისა და მარჟების პირდაპირი ადმინისტრაციული შეზღუდვა არღვევს აღნიშნულ ბალანსს - ზღუდავს ფასდაკლებების სიხშირესა და სივრცეს, ამცირებს ბაზრის ოპერაციულ მოქნილობას და ქმნის მიწოდების შეფერხების რისკს.
„შედეგად, მოკლევადიან პერიოდში მოსალოდნელია ფასების პირველადი შოკი, ხოლო გრძელვადიან პერიოდში - პროდუქციის საშუალო სარეალიზაციო ფასის ზრდა“, - ნათქვამია დასკვნაში.
კომისიის მოსზრებით, მკაცრი რეგულაციის პირობებში, კომპანიებმა შესაძლებელია ასევე მიმართონ ასორტიმენტის ოპტიმიზაციას, ან ხარჯების გადანაწილებას სხვა პროდუქციის ჯგუფებზე.
„შესაბამისად, სექტორში ინტერვენციის პოლიტიკა აუცილებელია დაფუძნებული იყოს მიწოდების სტრუქტურის ეფექტიანობის ზრდაზე და არა რომელიმე რგოლში დამატებითი ხარჯების ან ხარჯების ერთი კონკრეტული რგოლიდან მეორეში გადატანაზე“, - აღნიშნულია დასკვნაში.
კომისია აღნიშნავს, რომ კომერციული ურთიერთობების მკაცრმა ან არათანმიმდევრულმა ცვლილებამ შესაძლოა გაზარდოს ლიკვიდობის წნეხი საცალო ქსელების დონეზე, შეასუსტოს მათი ფინანსური მდგრადობა, რაც საბოლოოდ შესაძლოა აისახოს მიწოდების მთლიანი ჯაჭვის სტაბილურობაზე.