თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. რუსეთი ინარჩუნებს საქართველოსთან საერთო ისტორიულ მემკვიდრეობას და უფრთხილდება თავის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო მემორიალურ ობიექტებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე.
მისი თქმით, საქართველო წლების განმავლობაში ინახავდა იმ ჯარისკაცებისა და ოფიცრების ხსოვნას, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის დროს დაიცვეს ჩვენი საერთო სამშობლო, იცავდნენ ნამდვილ თავისუფლებას და მშვიდობიანი ცხოვრების უფლებას.
„წელს 17-დან 20 აპრილამდე, საქართველოდან მრავალი დელეგაცია, მოძრაობა „საქართველოს უკვდავი ჯარის“ ლიდერის ხელმძღვანელობით <...>, ეწვია ჩეჩნეთის რესპუბლიკას პროექტის „ბოლო საზღვარი“ და პატრიოტული კამპანიის „მე დავბრუნდი, დედა...“ ფარგლებში. დელეგაციაში შედიოდნენ, კერძოდ, საქართველოს ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარე ა.ს. მიქაბერიძე და ომის ვეტერანების შთამომავლები. აქტივისტებმა მოინახულეს სამარხი და პატივი მიაგეს კავკასიის ბრძოლაში დაღუპული ჯარისკაცების, მათ შორის ქართული წარმოშობის, ხსოვნას“, - აღნიშნა ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მოიყვანა ციფრები, „რომლებიც სინამდვილეში უფრო ნათელი, ღრმა და თავისი არსით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა“.
„3,5 მილიონი მოსახლეობით (იმ დროს საქართველოს სსრ-ში არსებული ციფრები), ფრონტზე 700.000 ადამიანი გაგზავნეს. წარმოგიდგენიათ? მაგრამ 3.5 მილიონი ადამიანი - ეს ბავშვების, ქალების, მოხუცების, ავადმყოფების ან ქმედუუნაროების ჩათვლითაა, ვინც არა მხოლოდ სამხედრო სამსახურის გასავლელად იყო უვარგისი, არამედ ვინც ამ კუთხით საერთოდ არ განიხილებოდა“, - განაცხადა ზახაროვამ.
მან ხაზი გაუსვა მესამე ციფრს, რომელიც ამ თემას უკვდავს ხდის: მათი ნახევარი ომიდან აღარ დაბრუნებულა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ანაპის 414-ე ქართული დივიზიის 300-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცისა და ოფიცრის ხსოვნის უკვდავყოფა მოხდება.
„ყველა მათგანი 1943 წლის თებერვალში, კრასნოდარის მხარის სოფელ კალაბატკასთან მტერთან მძიმე, სისხლიან ბრძოლებში დაიღუპა. თავდაპირველად ისინი უცნობ ჯარისკაცებად ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სახელები, რომლებმაც სიცოცხლე გამარჯვებისთვის შესწირეს, მოგვიანებით დადგინდა“, - განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, მიმდინარე წლის 9 მაისს, გამარჯვების დღის აღნიშვნის ფარგლებში კრასნოდარის მხარის ჩერნოერკოვსკოეს დასახლებაში მათი სახელობის მემორიალური დაფების გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართება.
„ეს ცერემონია მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. ვიმედოვნებთ, რომ ის სათანადოდ გაშუქდება საქართველოში და ხალხი იქ გაიგებს ამის შესახებ. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყნები კვლავაც გაუფრთხილდებიან დიდი გამარჯვების მემკვიდრეობას“, - ხაზგასმით აღნიშნა ზახაროვამ.
მან აღნიშნა, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც აშკარაა ამ ისტორიის გადაწერის, მისი „გაუქმების“ და ყველანაირად დამახინჯების აშკარა მცდელობები.