ყაველაშვილი: საქართველოს თავდაცვის ძალები ეროვნული ერთობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია

შეიარაღებულ ძალებს თავდაცვის ძალები 2019 წელს ეწოდა. ჯარის რიცხოვნობას ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭო განსაზღვრავს და ის არ აღემატება 37 ათას ადამიანს.
Sputnik
თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების დღე არის დღე, როდესაც უდიდესი პატივითა და მადლიერებით მივმართავთ იმ პატრიოტებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, მშვიდობასა და უსაფრთხოებას, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
დღეს თავდაცვის ძალების დღეა. ქართული ჯარი დაარსებიდან 35-ე წლისთავს აღნიშნავს.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველი ხალხს აქვს თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია, საუკუნეების განმავლობაში წინაპრები დაუღალავად იბრძოდნენ საკუთარი იდენტობის, სარწმუნოებისა და მიწა-წყლის დასაცავად.
"სწორედ ამ უწყვეტმა პრინციპულმა ბრძოლამ ჩამოაყალიბა ჩვენი ეროვნული ხასიათი და ის შინაგანი ძალა, რომელმაც ჩვენს ქვეყანას არაერთი ისტორიული განსაცდელი გადაატანინა", – განაცხადა ყაველაშვილმა.
მისი თქმით, სამხედრო სამსახური ეროვნული ერთობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენს.
"ჩვენთვის, ქართველებისთვის სამხედრო სამსახური მხოლოდ პროფესია არ არის. ეს არის ღრმა ტრადიციის გაგრძელება, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ტრადიციის, რომელიც ერთ მთლიანობად კრავს წარსულს, აწმყოსა და მომავალს, და ჩვენი ეროვნული ერთობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენს", – განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ დაღუპული გმირების სახელი სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში, როგორც თავგანწირვის, უდრეკობისა და სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულის მაგალითი.
"უდიდესი პატივისცემითა და მოკრძალებით მინდა გავიხსენო ჩვენი დაღუპული გმირები, რომლებმაც სამშობლოს თავისუფლებასა და ღირსებას ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე", – განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილე მიულოცა ახალგაზრდებს, რომლებმაც სამხედრო ფიცი დადეს და ვეტერანებს, რომლებმაც საკუთარი გამოცდილებით, სიმამაცითა და თავდადებით საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე ქართულ ჯარს.
საქართველოს შეიარაღებული ძალები 1990 წლის დეკემბერში შეიქმნა, მაგრამ ჯარში გაწვევა 1991 წლის 30 აპრილს დაიწყო. სწორედ ამ დღეს აღინიშნება ქართული შეიარაღებული ძალების დღე.
საქართველოს შეიარაღებული ძალების დაბადების დღედ 1991 წლის 30 აპრილი ითვლება. ამ დღეს შინაგანი ჯარების შემადგენლობაში შემავალი ეროვნული გვარდიის რიგებში პირველი საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო.
შეიარაღებულ ძალებს თავდაცვის ძალები 2019 წელს ეწოდა. ჯარის რიცხოვნობას ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭო განსაზღვრავს და ის არ აღემატება 37 ათას ადამიანს.