საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები აღდგა - მახაშვილი

Sputnik
თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები აღდგა და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მახაშვილმა.
მაისში საქართველოში გაიმართება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი, რომლის ფარგლებში შედგება შეხვედრები ქვეყნის ხელმძღვანელობასთან.
„შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები აღდგენილია. ჩვენთვის სასურველი წერტილია, როცა შევძლებთ ვთქვათ, რომ ეს არის ის დონე, რაც გვაკმაყოფილებს და რაც სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაა“, - განაცხადა მახაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლება იმედოვნებს, რომ სახდეპის წარმომადგენლების ვიზიტი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას შეუწყობს ხელს.
„როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკისა და განათლების მიმართულებით არსებითი ნაბიჯები იყო გადადგმული, რათა აღგვედგინა გაყინული ურთიერთობები, რაც წინა ადმინისტრაციამ დაგვიტოვა და გველაპარაკა შემდეგ ნაბიჯებზე“, - განაცხადა მახაშვილმა.
პოლიტიკური ნება არსებობს და სამუშაო პროცესი მიდის, თუმცა კონკრეტული თარიღის დასახელებას აზრი არ აქვს, აღნიშნა მახაშვილმა.
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
ფინანსური შეზღუდვები დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება შემოიფარგლება კომუნიკაციით დიპლომატიური მისიების მეშვეობით და ასევე სატელეფონო საუბრით პრემიერ ირაკლი კობახიძესა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის.