თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. ურთიერთსიყვარული, ურთიერთპატივისცემა და გარდაცვლილი კათოლიკოს-პატრიარქისადმი ძალიან დიდი მოწიწება, სიყვარული საბოლოოდ სძლევს ეკლესიაში არსებულ პოლემიკასა და დაპირისპირებას, განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ეპისკოპოსმა ანდრია ჯაღმაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები საკმაოდ დაძაბულ ატმოსფეროში მიმდინარეობს, თავად ეკლესიის წიაღში დაპირისპირებისა და გარე გავლენის მცდელობების ფონზე.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა პატრიარქობის სამი კანდიდატი შეარჩია - კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
„ჩვენ არ უნდა ავყვეთ დაპირისპირების სცენარს. ყველა ეპისკოპოსს აქვს მოწოდება, რომ ეკლესია იყოს ძლიერი. ეკლესია ასრულებდეს თავის ფუნქციას საუკეთესოდ და ამაში ყველანი ერთიანდებიან. ასე რომ რაღაც ზღვრამდე ეს პოლემიკა მიდის, თუმცა ამის შემდეგ ურთიერთსიყვარული, ურთიერთპატივისცემა და პატრიარქისადმი ძალიან დიდი მოწიწება, სიყვარული ამ ყველაფერს სძლევს“, - განაცხადა დეკანოზმა.
მისი თქმით, დღეს პატრიარქის არჩევნების პროცესზე ზეწოლასა და გავლენის მოხდენის მცდელობებზე სწორედ ის მედია საშუალებები საუბრობენ, რომლებმაც ბოლო ათი წლის განმავლობაში მოამზადეს და გაავრცელეს ხუთი ათასზე მეტი ნეგატიური მასალა, რომელიც ეძღვნებოდა როგორც თავად ჯაღმაიძეს, ასევე მოსაყდრე შიოს და ილია II-ს.
ჯაღმაიძემ ასევე ისაუბრა პატრიარქობის კანდიდატის ასაკზე. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ეს საკითხი წმინდა სინოდის ბოლო სხდომაზე გადაწყდა.
„ჩვენ მომზადებული ვიყავით და ფორმულირებაც კი ჩამოვაყალიბეთ წინა საღამოს, როგორი ფორმულირებით უნდა შეგვეთავაზებინა მღვდელმთავრებისთვის, თუ ეს საკითხი, ასაკს ვგულისხმობ, კენჭისყრაზე დადგებოდა - როგორ უნდა ყოფილიყო გასაგებად, მარტივად და ბიულეტენში რა უნდა ჩაწერილიყო, როდესაც მღვდელმთავრებს ორ პასუხს შორის ექნებოდათ ასარჩევი. აღმოჩნდა, რომ ეს საკითხი აქტუალობას კარგავდა იმის გამო, რომ მეუფე დანიელსაც არ ჰქონდა დიპლომი“, - განმარტა ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, ორი საკითხიდან დარჩა მხოლოდ ერთი - განათლების საკითხი.
„აქ გამოჩნდა ძალიან დიდი გამოცდილება მეუფე შიოსი, რომელიც მან შეიძინა პატრიარქთან უშუალოდ ყოფნის დროს - ბოლო 8 წელზე მეტია, იგი გამორჩეულია მოსაყდრედ. პატრიარქის დიდი დამსახურებაა, რომ ამ ურთულესი პროცესების მართვის გამოცდილება მეუფე შიომ აქ შეიძინა. სინოდიც, ამ რთულ სიტუაციაში, უმაღლეს დონეზე იქნა მართული. ასე რომ სინოდის წევრები, ეპისკოპოსები დიდი სითბოთი დაემშვიდობნენ ერთმანეთს“, - აღნიშნა მამა ანდრიამ.
გაფართოებულ კრებაზე, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში არაუგვიანეს 17 მაისს გაიმართება, შერჩეულ კანდიდატებს შორის საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ - არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმების ნახევარზე მეტს, ანუ არანაკლებ 20-ისა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.