თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. ბალტიის ქვეყნების ხელისუფლებები უკვე დიდი ხანია, ატარებენ მაქსიმალურად რუსოფობიურ პოლიტიკას: ქვეყნებში ანგრევენ ძეგლებს, ზღუდავენ რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებებს და შლიან ისტორიულ მეხსიერებას. ამასთან, ღია მონაცემებით, ლატვიაში, ლიეტუვასა და ესტონეთში, საერთო ჯამში, დაახლოებით, 900 ათასი ეთნიკური რუსი ცხოვრობს. ხოლო იმ მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც აქტიურად იყენებს რუსულ ენას, 1 მილიონ ადამიანს აღემატება. სწორედ ამიტომ, მემკვიდრეობის შენარჩუნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას.
ფილმი „გამარჯვების დღე ბალტიისპირეთში: გუშინ, დღეს, ხვალ“ ბალტიისპირეთში მცხოვრები რუსებისთვის (ლატვია, ესტონეთი და ლიეტუვა) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულის ისტორიას მოგვითხრობს. იქ 9 მაისმა ომის შემდგომი წლების საყოველთაო ზეიმიდან 2022 წელს სრულ აკრძალვამდე განვლო გზა.
ფილმის ავტორი და პროდიუსერი, ანდრეი სტარიკოვი თავად ლატვიიდან არის. მან ქვეყანა 2015 წელს, ყირიმის დაბრუნების შემდეგ დატოვა.
„ჩვენი ფილმი ორ მთავარ ამოცანას პასუხობს. პირველი — შევახსენოთ ჩვენს ხალხს ბალტიისპირეთში, რომ ისინი მარტო არ არიან, და პასუხები გავცეთ მათ კითხვებს. მეორე — დავიწყოთ დიალოგი რეგიონში რუსეთის კულტურული, მემორიალური და ისტორიული ყოფნის დაბრუნებაზე. გამარჯვების დღე ბალტიისპირეთში დაბრუნდება, ეს ნორმალურია“, — განაცხადა ფილმის ავტორმა პრეს-კონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ ბალტიის ქვეყნებში 9 მაისი, როგორც დღესასწაული, ოფიციალურად არ აღინიშნება. ამ დღეს საჯარო აქციები, მსვლელობები და საბჭოთა სიმბოლიკის ნებისმიერი გამოყენება კანონით აკრძალულია. სახელმწიფო 1944–1945 წლების მოვლენებს განიხილავს, არა როგორც გათავისუფლებას, არამედ როგორც საბჭოთა ოკუპაციის დასაწყისს. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ბალტიის ოპერაციის დროს წითელი არმიის დანაკარგებმა 61 ათასზე მეტი ადამიანი შეადგინა, ხოლო სანიტარულმა დანაკარგებმა — 218 ათასზე მეტი. ამჟამად კი, გამარჯვების დღის ნაცვლად, 8 მაისს მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება.
ლატვიაში, ლიეტუვასა და ესტონეთში მოქმედებს მკაცრი აკრძალვები “გიორგიევსკი ლენტებზე”, საბჭოთა დროშებზე, გერბებსა და საბჭოთა ნიმუშის სამხედრო ფორმაზე. ასევე აკრძალულია ხსოვნის მსვლელობები, მათ შორის, აქცია „უკვდავი პოლკი“. პოლიცია მკაცრად აკონტროლებს ამ შეზღუდვების დაცვას. მათი დამრღვევები დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ პატიმრობასაც კი ექვემდებარებიან.
ამასთან, მოსახლეობის დიდი ნაწილი, მათ შორის რუსულენოვანიც, გამარჯვების დღის აღნიშვნას კვლავ აგრძელებს, ოჯახის წევრებისა და ახლობლების წრეში.
უფრო მეტიც, სოციალურ ქსელებში შეიძლება, მოიძებნოს ფოტოები, სადაც ადამიანები ძეგლებს ყვავილებით ამკობენ. თუმცა, აქ ერთი ნიუანსია: მსგავსი ქმედებები ზოგჯერ, პოლიციის მკაცრი კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს.
„ჩვენ მელოდრამა არ გადაგვიღია. ეს პოლიტიკური პროდუქტი და პოლიტიკური საქმიანობაა… ბალტიისპირეთში ვიღაცისთვის ამას ფსიქოთერაპიული ეფექტი ექნება, ვიღაცას კი დაეხმარება იმ სირთულეების უფრო იოლად გადალახვაში, რომელთა წინაშეც ისინი დგანან“, — განუცხადა Sputnik-ს ანდრეი სტარიკოვმა.
ფილმი მხოლოდ ისტორიული სიუჟეტებისგან არ შედგება. მასში პირადი ისტორიებიცაა, რაც, პროდიუსერის თქმით, ემოციურ მდგომარეობაზე აუცილებლად აისახება. „ჩვენს მიერ ნაჩვენები სიუჟეტები, როგორც ჩემთვის პირადად, ისე ჩემი, ფილმზე მომუშავე, კოლეგებისთვის, საკმაოდ ემოციურად აღიქმება, როგორც პირადი გამოწვევები“, — აღნიშნავს სტარიკოვი.
მაგალითად, ფილმში არის ძალიან ემოციური კადრები იმისა, თუ როგორ მიჰყავს ლატვიის პოლიციას გოგონა, რომელსაც თმაში გიორგის ლენტები აქვს ჩაწნული — სწორედ სამხედრო ღირსების სიმბოლოს გამოყენებისთვის.
ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ერნესტ მაცკიავიჩიუსმა, რომელიც ვილნიუსში დაიბადა, ხაზი გაუსვა, რომ ყოფით დონეზე, მაგალითად, ლიეტუვაში, არანაირი რუსოფობია არ არსებობს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქვეყანა რუსულენოვან მოსახლეობას ფრთხილად და პატივისცემით მოექცა. თუმცა, შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და 2014 წლისთვის ბალტიის ქვეყნები საბოლოოდ დაადგნენ რუსოფობიის გზას.
„ბალტიისპირეთში რუსულენოვან რესურსებს მუდმივად ბლოკავენ, მაგრამ ეს სუსტის პოზიციაა, იმ ადამიანების პოზიცია, რომლებიც საკუთარ სიმართლეში სრულიად არ არიან დარწმუნებლები და არიან ძალიან შეშინებულები. და ყველაზე საშინელი იარაღი, რომლითაც რუსეთს შეუძლია პასუხი გასცეს, სიმართლეა“, — განაცხადა ჟურნალისტმა.
ფილმის ერთ-ერთი ამოცანა მაქსიმალურად ფართო აუდიტორიის მოცვაა. 2 მაისს უკვე გაიმართება პრემიერა ტელეარხ „Россия 24“-ზე. ფილმი RT International-ზე ინგლისურენოვანი დუბლაჟით გამოქვეყნდება, ასევე ნაჩვენები იქნება RT.Doc-ის არხებზე ორ ენაზე. გარდა ამისა, ტრანსლაცია გაიმართება საკავშირო სახელმწიფოს მედიაჰოლდინგ „Союзный“-ის ეთერშიც.
პრეზენტაციის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ ახლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, ყველა შესაძლო არხით სიმართლის გავრცელება. ამიტომ საჭიროა არა მხოლოდ რწმენა, არამედ მოლოდინიც იმისა, რომ ისტორიული მემკვიდრეობა და მეხსიერება სრულმასშტაბიანად დაბრუნდება რეგიონის ქვეყნების ცხოვრებაში.
„გამარჯვების დღე ბალტიისპირეთში დაბრუნდება, როდესაც გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვლება, როდესაც რეგიონში ჩვენი მნიშვნელობა და ნარატივები დაბრუნდება. სავსებით შესაძლებელია, რომ ეს მალე მოხდეს“, — შეაჯამა Sputnik-თან საუბარში ისტორიკოსმა და პოლიტოლოგმა ვლადიმირ სიმინდეიმ.