თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. ქართული ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 35 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
დღეს თავდაცვის ძალების დღეა. ქართული ჯარი დაარსებიდან 35-ე წლისთავს აღნიშნავს.
"35 წლის წინ პირველი წვევამდელების მიღებით საფუძველი ჩაეყარა ჩვენს თანამედროვე თავდაცვის ძალებს, მას შემდეგ ეს დღე ქართული მხედრული სულისკვეთებისა და სახელმწიფოებრივი სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა. ჩვენი ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
კობახიძის თქმით, შექმნის დღიდან, თავდაცვის ძალები ყველა ბრძოლაში ღირსეულად იცავდა სამშობლოს თავისუფლებას. ამასთანავე, ქართველი სამხედროები, პარტნიორების მხარდამხარ, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში თავდადებით იბრძოდნენ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის. თქვენი პროფესიონალიზმითა და სიმამაცით, უმაღლესი საერთაშორისო აღიარება და ჩვენი პარტნიორების უდიდესი ნდობა მოიპოვეთ.
"დღეს ჩვენ გულისტკივილითა და უდიდესი პატივისცემით ვიხსენებთ სამშობლოსათვის დაცემულ გმირებს. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე, ვინც საქართველოს ერთიანობისა და მსოფლიოში მშვიდობისათვის ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე გაიღო. მათი თავდადება ჩვენი ქვეყნის ისტორიის განუყოფელი და მარადიული ნაწილია", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე, მთავრობის წევრებმა გმირთა მოედანზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულებული სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
საქართველოს შეიარაღებული ძალები 1990 წლის დეკემბერში შეიქმნა, მაგრამ ჯარში გაწვევა 1991 წლის 30 აპრილს დაიწყო. სწორედ ამ დღეს აღინიშნება ქართული შეიარაღებული ძალების დღე.
საქართველოს შეიარაღებული ძალების დაბადების დღედ 1991 წლის 30 აპრილი ითვლება. ამ დღეს შინაგანი ჯარების შემადგენლობაში შემავალი ეროვნული გვარდიის რიგებში პირველი საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო.
შეიარაღებულ ძალებს თავდაცვის ძალები 2019 წელს ეწოდა. ჯარის რიცხოვნობას ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭო განსაზღვრავს და ის არ აღემატება 37 ათას ადამიანს.