თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. მაისში საქართველოში გაიმართება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი, რომლის დროსაც შედგება შეხვედრები ქვეყნის ხელმძღვანელობასთან, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა დადებითი დინამიკა, რომელიც თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებში შეინიშნება. მისი თქმით, მხარეებს შორის კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს და შეიძლება ჩაითვალოს აშშ-ის ადმინისტრაციასთან ახალი ფორმატით დიალოგის პირველ ეტაპად.
„მაისში ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს და კონსულტაციების გაგრძელებას. ეს, შეიძლება, ერთგვარად ჩავთვალოთ კონსულტაციების პირველ ეტაპად. პირველი შეხვედრებია ასეთი ფორმის ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში სახელმწიფო დეპარტამენტთან“, - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მხარეებს შორის კონტაქტები გააქტიურდა: შედგა კონსულტაციები, ვიზიტები თბილისსა და ვაშინგტონში, მოლაპარაკებები, ასევე სატელეფონო საუბარი პრემიერ ირაკლი კობახიძის მონაწილეობით.
„ამ ეტაპზე შეგვიძლია, ის კომუნიკაციები, ის შეხვედრები, რაც ამ დრომდე იყო აშშ-ის მხარესთან, შევაფასოთ პოზიტიურად და შედეგიანად, ვინაიდან სწორედ ამის გამოძახილია და გაგრძელებაა უკვე დაგეგმილი ვიზიტები“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ აპრილშიც იყო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში, რომლის შემდეგაც შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის. მინისტრმა აქცენტი გააკეთა ასევე იმ რთულ ფონზე, რომლითაც ურთიერთობების ახალი ეტაპი დაიწყო.
„ის მემკვიდრეობა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას დახვდა საქართველოსთან ურთიერთობაში, არ არის მარტივი, არ იყო მარტივი ამ ნაბიჯების გადადგმა, რომ თუნდაც აქამდე მივსულიყავით და დაგვეწყო საუბარი. მოხარული ვარ, რომ ეს შედგა და შესაძლებელი გახდა, დავბრუნდეთ მაგიდასთან და გავაგრძელოთ საუბარი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, აშშ-თან კომუნიკაცია ხორციელდება ყოველდღიურ რეჟიმში, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის პერსპექტივები კი დიდწილად დამოკიდებულია შეერთებული შტატების შემდგომ ნაბიჯებზე.
„სტრატეგიული თანამშრომლობის თავიდან დაწყების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არსებობს, ჩვენ სწორად უნდა წავიყვანოთ ეს პროცესი. ბევრია თავად აშშ-ის მხარეზე დამოკიდებული, როგორი იქნება სურვილი საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვის. ამ დრომდე განხორციელებული ზარებით, შეხვედრებით თუ კომუნიკაციით, შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, რომ ეს სურვილი არსებობს და იმედი გვაქვს, უფრო პოზიტიური დინამიკა გვექნება ურთიერთობებში“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
ფინანსური შეზღუდვები დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება დიპლომატიური მისიების მეშვეობით კომუნიკაციით შემოიფარგლება.