საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ

საქართველო ფიფას ეგიდით გამართულ მსოფლიო რანგის ტურნირს პირველად უმასპინძლებს.
Sputnik
თბილისი, 29 აპრილი - Sputnik. 2029 წელს მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს საქართველო და სომხეთი ერთობლივად უმასპინძლებენ - ისტორიული გადაწყვეტილება კანადის ქალაქ ვანკუვერში, FIFA-ს 76-ე კონგრესის წინ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
საქართველოს და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციებმა აღნიშნული ტურნირის გამართვაზე ფიფაში ერთობლივი განაცხადი 2024 წლის ივნისში შეიტანეს.
„ყველა ფეხბურთის ქომაგს ვულოცავ და დარწმუნებული ვარ, ეს ტურნირიც ისეთივე კვალს დატოვებს ჩვენი ფეხბურთის განვითარების საქმეში როგორიც იმ საერთაშორისო ტურნირებმა დატოვა, რომელთა მასპინძლობის პოზიტიური გამოცდილება ახლო წარსულში გვქონდა“, - განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.
სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არმენ მელიქბეკიანის განცხადებით კი, ამ ტურნირის მასპინძლობას ორივე ფედერაციისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და იმედი გამოთქვა, რომ ორივე მეზობელი ქვეყანა ტურნირს ღირსეულად უმასპინძლებს.
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საქართველო 20-წლამდელთა მსოფლიო თასის სახით, ფიფას ეგიდით გამართულ მსოფლიო რანგის ტურნირს პირველად უმასპინძლებს. ამ დრომდე საქართველოს UEFA-ს რანგის ისეთი ტურნირებისთვის უმასპინძლებია, როგორებიცაა 2017 წელს - 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი და 2023 წელს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, სადაც საქართველოსთან ერთად თანამასპინძელი რუმინეთი იყო.
მასპინძელი ქალაქების, სტადიონებისა და ტურნირთან დაკავშირებული სხვა საორგანიზაციო-ტექნიკური დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ფიფას 20-წლამდელთა მსოფლიო თასი 1977 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი მონაწილეობს. გათამაშების უკანასკნელი გამარჯვებული მაროკოს 20-წლამდელთა ნაკრებია.