ოპოზიციონერის სკანდალური პოსტი: პრემიერმა ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიის შესახებ განაცხადა

კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მცდელობები, მოახდინონ ეკლესიის დისკრედიტაცია, განწირულია მარცხისთვის.
Sputnik
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. ეროვნულ იდენტობასთან დაკავშირებულ ღირებულებებსა და სიმბოლოებზე, მათ შორის მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმა პოლიტიკურ წარმატებას ხელს ვერ შეუწყობს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაური ასე გამოეხმაურა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს - „პატრიარქი მოკვდა, გაუმარჯოს ეგზარქოსს“.
„როდესაც რადიკალური ოპოზიციის ეს კონკრეტული წარმომადგენელი ასეთი განცხადებებით გამოდის ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით, ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ ამ გაერთიანებას, რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" არავითარი პერსპექტივა არ აქვს. როდესაც უპირისპირდები ყველაფერს, რაც დაკავშირებულია შენი ქვეყნის იდენტობასთან, მათ შორის შენს დედა-ეკლესიას, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ წარმატებაზე ვერავითარი ამბიცია ვეღარ გექნება", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, მსგავსი გამონათქვამები ამ პოლიტიკური ძალების ნამდვილ სახეს ავლენს. როგორც მან აღნიშნა, ადრე ეკლესიის წინააღმდეგ კამპანია არა მხოლოდ ცალკეული პოლიტიკოსების, არამედ მათი მოკავშირეების მთელი სპექტრის, მათ შორის მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო წარმოებული.
როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, ხელისუფლებას ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმისთვის, რომ ეს კამპანია შეეჩერებინა და შეესუსტებინა. საბოლოდ, მივაღწიეთ მიზანს, მაგრამ ეს ურთულესი ამოცანა იყო, დასძინა მან.
„მათ უცხოელი მეგობრები კარნახობდნენ ასეთი კამპანიის წარმართვას. ახლა ცდილობენ ასეთი კამპანია წამოიწყონ და ასეთი განცხადებებით გამოდიან. რა თქმა უნდა, ამასაც ვერ ექნება წარმატება, ბუნებრივია, ჩვენი ეკლესია იქნება ძლიერი როგორც აქამდე იყო. იგივე შემიძლია ვთქვა ქართულ სახელმწიფოზე. როგორც არ უნდა სცადოს რადიალურმა ოპოზიციამ, ქართული სახელმწიფო მომავალშიც მტკიცე და ძლიერი იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.
გიგი უგულავამ პოსტი 28 აპრილს - საქართველოს წმინდა სინოდის სხდომის დღეს გამოაქვეყნა, რომელზეც პატრიარქიობის სამი კანდიდატი დასახელდა: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, მეუფე შიომ 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა კი 7-7 ხმა მიიღეს. სამივე სასულიერო პირი, რომლებმაც დღევანდელ სინოდის სხდომაზე ხმათა უმრავლესობა მიიღეს, გაფართოებულ კრებაზე წარდგება.
გაფართოებულ კრებაზე, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში არაუგვიანეს 17 მაისისა გაიმართება, შერჩეულ კანდიდატებს შორის საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ - არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმების ნახევარზე მეტს, ანუ არანაკლებ 20-ისა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
წმინდა სინოდის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი წინამძღოლის არჩევამდე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვალდებულებებს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) ასრულებს - ილია მეორემ მიტროპოლიტი შიო (ელიზბარ) მუჯირი თანამოსაყდრედ 2017 წლის 23 ნოემბერს დაასახელა.