აბაშიშვილი: საქართველო მსხვილი ჰესების გარეშე ენერგოდამოუკიდებლობას ვერ მიაღწევს

მსხვილი ჰესების პროექტების რეალიზაციას შეუძლია ქვეყანაში პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა და სახელმწიფოსთვის სრული ენერგეტიკული თვითკმარობის უზრუნველყოფა 2030 წლისთვის.
Sputnik
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. საქართველო ყოველწლიურად ელექტროენერგიის მოხმარების მთლიანი მოცულობის 30%-მდე იმპორტს ახორციელებს და თვითკმარობის მისაღწევად ქვეყანას დიდი ჰიდროელექტროსადგურების განვითარება სჭირდება, განაცხადა Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა პირველი არხის ეთერში.
მისი თქმით, საქართველოში ეკონომიკურ ზრდას თან ახლავს ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა, არსებული სიმძლავრეები კი არ არის საკმარისი ენერგოდეფიციტის დასაფარად, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანას იმპორტზე დამოკიდებულს ხდის.
„ჩვენ თუ არ წავედით დიდი ჰესების მშენებლობის მიმართულებით, უბრალოდ არ ვიცი, რომელ წელს არა, რომელ საუკუნეში გვექნება ენერგოდამოუკიდებლობის და თვითკმარობის პერსპექტივა“, განაცხადა აბაშიშვილმა.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ჰესების მშენებლობა საშუალებას მისცემს ქვეყანას შეამციროს ათობით მილიონი ლარის გადინება, რომელიც მეზობელი სახელმწიფოებისგან ელექტროენერგიის შესასყიდად იხარჯება.
საქართველოს მთავრობამ ჰესების მშენებლობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო და გეგმავდა კიდეც სამი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის — „ნამახვანის“, „ნენსკრასა“ და „ხუდონის“ ექსპლუატაციაში გაშვებას, რათა ზამთრის პერიოდში მინიმუმამდე დაეყვანა ელექტროენერგიის იმპორტი მეზობელი ქვეყნებიდან. თუმცა, ხელისუფლება ადგილობრივი მოსახლეობისა და ეკოლოგების მხრიდან სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდა.
აბაშიშვილის განცხადებით, მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას, ქვეყნის ენერგომომარაგების გარდა, მნიშვნელოვანი ფინანსური პოტენციალიც გააჩნია.
„ლაპარაკია, დაახლოებით, 8 მილიარდზე მეტ ინვესტიციაზე იმისთვის, რომ, ჯამში, ეს ენერგეტიკული სექტორი იმ კონდიციამდე მივიყვანოთ, რა კონდიციამდეც გვინდა. ამ 3 ჰესის შემთხვევაში ლაპარაკია 4 მილიარდის ინვესტიციაზე. პირდაპირი გავლენა ჯამური მშპ-ის ზრდაზე, დადგმული გენერაციის ჩათვლით, გვაქვს, დაახლოებით, 11 მილიარდი, საბაზისო სცენარში – 9,1 მილიარდი“– განაცხადა აბაშიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, მსგავსი პროექტების რეალიზაცია ნიშნავს მეტი სამუშაო ადგილის შექმნას და ეროვნული ვალუტის სტაბილურობის ხელშეწყობას.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 73%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემების თანახმად, საქართველოში 2024 წელს მოიხმარეს 14,4 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 5,1%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით. გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 1,1%-ით მეტია, ვიდრე 2023 წელს.