1-ელი მაისიდან თბილისის მერია ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამას იწყებს

პროგრამას თბილისის სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მდებარე 16 სამედიცინო დაწესებულება მოემსახურება.
Sputnik
თბილისი, 29 აპრილი - Sputnik. თბილისის მერია 1-ელი მაისიდან ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
როგორც მერმა აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში, უფასო სკრინინგი ჩაუტარდება დედაქალაქში რეგისტრირებულ 45-დან 75 წლის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს.
„ჩვენი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროექტების საშუალებით არაერთ ოჯახსა და ადამიანს დავეხმარეთ. თბილისის მერია ამჯერად ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს. პროცედურა 1-ელი მაისიდან მოქალაქეებისთვის სრულიად უფასო იქნება და მას „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური დააფინანსებს“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, სკრინინგის პროგრამის დეტალები განისაზღვრა ონკოლოგიის, რადიოლოგიისა და პულმონოლოგიის დარგის წამყვან სპეციალისტებთან კონსულტაციებისა და მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად.
ფილტვის კიბოს სკრინინგის ფარგლებში ჩატარდება დაბალდოზირებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევა, რომელსაც ორი რადიოლოგი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად წაიკითხავს. განსხვავებული შეფასების შემთხვევაში, მესამე რადიოლოგის ჩართვით გაიმართება კონფერენცია.
უწყების ცნობით, ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამაში ჩასართავად, თბილისის მერიამ წამყვანი კლინიკები შეარჩია, რომლებიც საუკეთესო გამოცდილების მქონე სპეციალისტების და საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. ამ ეტაპზე პროგრამას თბილისში არსებული 16 სამედიცინო დაწესებულება მოემსახურება.
ფილტვის კიბო ონკოლოგიური პათოლოგიებით გამოწვეული ლეტალობის მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ხოლო სკრინინგი დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პირებში ადრეულ გამოვლენას უწყობს ხელს და 70%-მდე ზრდის სიცოცხლის გახანგრძლივების მაჩვენებელს.
ფილტვის კიბოს სკრინინგი დაავადებათა სკრინინგის პროგრამის მე-6 სახის კვლევაა. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სრულად ფინანსდება სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი, ასევე პროსტატისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტები .
პროგრამის მიზანია დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა, კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და ონკოდაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება.
2025 წელს დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში 150.367 შემთხვევა დაფინანსდა.
2026 წლის თბილისის მერიის ბიუჯეტი ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით 46.122,590 ლარია.