ჯაღმაიძე: სინოდს არ აქვს უფლება შეცვალოს პატრიარქის არჩევის კრიტერიუმების შესახებ დებულება

წმინდა სინოდის 39 წევრიდან თითოეულს აქვს უფლება წარადგინოს კანდიდატურა, მათ შორის საკუთარიც.
Sputnik
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. მოქმედ სინოდს არ გააჩნია უფლებამოსილება, შეცვალოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის წესი და კრიტერიუმები, განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ეპისკოპოსმა ანდრია ჯაღმაიძემ.
28 აპრილის სხდომაზე წმინდა სინოდმა უნდა დააზუსტოს საპატრიარქო ტახტის კანდიდატებისთვის კრიტერიუმები და შეარჩიოს სამი მღვდელმთავარი, რომლებიც გაფართოებულ კრებაზე წარდგებიან.
„ამ სინოდს ეკლესიის ​მართვა-გამგეობის დებულების შეცვლის უფლება არ აქვს და უნდა იხელმძღვანელოს მკაცრად მართვა-გამგეობის დებულებით", - განაცხადა ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კრიტერიუმების თემებზე მსჯელობა იქნება, მმართველ წესდებაში ნათლად განსაზღვრულია, რომ კანდიდატი უნდა იყოს არანაკლებ 70 წლისა.
„მე მათემატიკოსი ვარ და ფრაზა „არაუმეტეს 70 წლისა“ ნიშნავს, რომ 70-ს პლუს ნებისმიერი სხვა პერიოდი აღარ არის „არაუმეტეს 70-ისა“. ანუ 70-ს პლუს რამდენიმე დღე და თვე 70-ზე მეტია. ჩემთვის, როგორც მათემატიკოსისთვის, ეს სრულიად აშკარაა. თუმცა, ვნახოთ, რას გადაწყვეტს სინოდი ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჯაღმაიძემ კანდიდატების ასაკობრივ ზღვართან დაკავშირებით.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, რომ სხვა კრიტერიუმების - მათ შორის, პატრიარქის ტახტის კანდიდატების თეოლოგიური განათლების აუცილებლობა - განხილვა არ მოხდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ეროვნებით ქართველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება, ასაკით – არანაკლებ 40 წლისა და არაუმეტეს70 წლისა, უნდა იყოს ბერი.
წმინდა სინოდის 39 წევრიდან თითოეულს აქვს უფლება წარადგინოს კანდიდატურა, მათ შორის საკუთარიც. სამი საპატრიარქო კანდიდატი, რომლებიც წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღებენ ხმათა უმრავლესობას, გაფართოებულ კრებაზე წარდგება.
გაფართოებულ კრებაზე, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში არაუგვიანეს 17 მაისისა გაიმართება, შერჩეულ კანდიდატებს შორის საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ. წინასწარი მონაცემებით, გაფართოებული კრების შემადგენლობაში 4 ათასი პირი იქნება, თუმცა, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის უფლება მხოლოდ წმინდა სინოდის წევრებს აქვთ.
არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმების ნახევარზე მეტს, ანუ არანაკლებ 20-ისა. კრებაზე ვერცერთი კანდიდატი თუ ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, იმართება ხელმეორე კენჭისყრა. მასში მონაწილეობს ორი კანდიდატი, რომელიც პირველ კენჭისყრაში ხმათა უმრავლესობას მიიღებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
წმინდა სინოდის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი წინამძღოლის არჩევამდე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვალდებულებებს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) ასრულებს - ილია მეორემ მიტროპოლიტი შიო (ელიზბარ) მუჯირი თანამოსაყდრედ 2017 წლის 23 ნოემბერს დაასახელა.