თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ჩრდილოეთი-სამხრეთის ავტომაგისტრალის ერთ-ერთი უმთავრესი - ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვრამდე მიდის, 2028 წელს გაიხსნება, განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ პირველი არხის ეთერში.
პროექტის თანახმად, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 6 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციას. პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობასაც. პროექტის ფარგლებში ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება ერთ ხიდს.
„9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა უკვე დასრულებულია, თუმცა, იქ გვაქვს რამდენიმე ძალიან რთული და უნიკალური საინჟინრო ნაგებობა, მათ შორის, ყველაზე მაღალი და გრძელი თაღოვანი ხიდი, რომლის მშენებლობასაც საკმაოდ რთული მეტეოროლოგიური პირობები ართულებს, ამიტომაც იმედი გვაქვს, რომ მას 2028 წლისთვის დავასრულებთ“, — განაცხადა სოხაძემ.
2024 წელს დასრულდა საქართველოში ყველაზე დიდი გვირაბის მშენებლობა - ჯვრის უღელტეხილის ქვეშ აშენებული 9-კილომეტრიანი გვირაბი, რომლის დიამეტრი 15 მეტრია, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და რთული საინჟინრო ნაგებობაა. გვირაბი სპეციალურად ქვეშეთი-კობის პროექტისთვის შექმნილი გვირაბის საბურღი დანადგარით (TBM-ით) გაიჭრა.
სოხაძის თქმით, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და მან იმედი გამოთქვა, რომ გუდაურამდე მისასვლელი 5-კილომეტრიანი ახალი გზა ზაფხულის სეზონისთვის გაიხსნება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კურორტზე წვდომას.
ახალი გზის წყალობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალი აღარ დაიკეტება, შედეგად გაიზრდება ტვირთბრუნვა, ხოლო ხადას ხეობის ათამდე სოფლის მოსახლეობას ზამთარში გარე სამყაროსთან კავშირი შეუნარჩუნდება.
საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტით უზრუნველყოფილი ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროს: ქვეშეთი-კობის მონაკვეთის გავლა 1 საათის ნაცვლად 15 წუთში გახდება შესაძლებელი; თბილისიდან გუდაურამდე მგზავრობას 2 საათის ნაცვლად 1 საათი და 30 წუთი დასჭირდება, თბილისიდან სტეფანწმინდამდე კი 2 საათისა და 30 წუთის ნაცვლად - 1 საათი და 45 წუთი.
ახალი გზის პროექტი 2019 წელს დამტკიცდა. 2021 წლის სექტემბერში ჩინურმა კომპანიამ China Railway 23rd Bureau Group Co მშენებლობა დაიწყო.
პროექტი საქართველო მთავრობის, აზიის განვითარების ბანკის(ADB) და გვირაბის მშენებლობის ნაწილში - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 1,2 მლრდ ლარია.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი "ყაზბეგი"–"ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.