თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა პატრიარქობის სამი კანდიდატი შეარჩია - კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
ფარული ხმის მიცემის შედეგად კანდიდატთა ხმები ასე გადანაწილდა: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა – 7-7 ხმა.
სამივე სასულიერო პირი, რომლებმაც დღევანდელ სინოდის სხდომაზე ხმათა უმრავლესობა მიიღეს, გაფართოებულ კრებაზე წარდგება.
გაფართოებულ კრებაზე, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში არაუგვიანეს 17 მაისისა გაიმართება, შერჩეულ კანდიდატებს შორის საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ - არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმების ნახევარზე მეტს, ანუ არანაკლებ 20-ისა.
გაფართოებული კრების მოწვევის თარიღი დადგენილია ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით – კრება იმართება პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ორი თვისა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
წმინდა სინოდის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი წინამძღოლის არჩევამდე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვალდებულებებს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) ასრულებს - ილია მეორემ მიტროპოლიტი შიო (ელიზბარ) მუჯირი თანამოსაყდრედ 2017 წლის 23 ნოემბერს დაასახელა.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)
სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (ელიზბარ) მუჯირი პატრიარქმა ილია მეორემ თანამოსაყდრედ 2017 წლის ნოემბერში დაასახელა. იმ დროიდან მიტროპოლიტი კათოლიკოს-პატრიარქის თანდასწრებით ატარებდა სადღესასწაულო წირვებს და მრევლს მის წერილებს უკითხავდა.
შიო მუჯირი 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში დაიბადა. სწავლობდა დედაქალაქის 53-ე სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ თბილისის კონსერვატორიაში მიეწყო. ელიზბარ მუჯირი მორჩილად შიომღვიმის მონასტერში 1991 წელს დაემკიდრა.
ბერად 1993 წელს აღიკვეცა და უწოდეს სახელად შიო, ხოლო 1995 წლიდან დიაკვანია. 1996 წლიდან მღვდლად აკურთხეს.
1998 წელს ბათუმში იოანე ოქროპირის სასულიერო სემინარია დაამთავრა და დაუსწრებლად სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.
2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით აირჩიეს ახლად ჩამოყალიბებული სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ეპისკოპოსად. ამავე წლის 7 სექტემბერს შეიმოსა ეპისკოპოსის სამოსით. 2009 წლის 30 აპრილს წმინდა სინოდმა მას ჩააბარა ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მრევლი. 2010 წლის 2 აგვისტოდან მიტროპოლიტია.
ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი
მიტროპოლიტი იობი, ერისკაცობაში ელგუჯა აქიაშვილი, დაიბადა 1960 წლის 29 მაისს ყაზბეგის რაიონ სოფელ სნოში. 1977 წელს დაამთავრა სოფელ სნოს საშუალო სკოლა, 1978 წელს ჩაირიცხა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულ¬ტეტზე. სტუდენტობის წლებში იგი იყო სიონის საპატრიარქო ტაძრის სტიქაროსანი. 1982 წელს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოში ეკონომისტად. 1983 წლიდან ელგუჯა აქიაშვილი საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-სამეურნეო განყოფილების უფროსის მოადგილეა.
1985 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. 1988 წელს სამთავროს მონასტერში ელგუჯა აქიაშვილი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელი იობი. იმავე წელს ილია II-მ ბერი იობი აკურთხა დიაკვნად, ხოლო შემდეგ – მღვდლად. მღვდელმონაზონი იობი დაინიშნა მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვრად. 1989 წელს იგი აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში, 1990 წელს კი - არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა.
1992 წლის მაისში წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით არქიმანდრიტი იობი გამორჩეულ იქნა მანგლელ ეპისკოპოსად.
1996 წელს დაინიშნა ურბნისისა და რუისის ეპარქიის მმართველად და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. იმავე წელს აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, 2000 წლის დეკემბერში მიტროპოლიტის ხარისხში. 2003 წელს პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლდა ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან და სათავეში ჩაუდგა საპატრიარქოს საღვთისმეტყველო და ლიტურგიკულ კომისიებს.
მეუფე იობის დამსახურებაა ურბნისისა და რუისის ეპარქიაში საეკლესიო ცხოვრების აღორძინება. ეპარქიაში შემავალ თითქმის ყველა სოფელში აღადგინეს ძველი ან ააშენეს ახალი ეკლესიები. დაფუძნდა მამათა და დედათა მონასტრები, სასულიერო სასწავლებლები.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი
მიტროპოლიტი გრიგოლი, ერისკაცობაში გურამ ბერბიჭაშვილი დაიბადა 1956 წლის 18 ივლისს თბილისში. 1964-1973 წლებში სწავლობდა 134-ე საშუალო სკოლაში.
1986-1987 წლებში გურამ ბერბიჭაშვილი მსახურობდა თბილისის დიდმოწამე ბარბარეს (ქვემო) ეკლესიაში ჯერ სტიქაროსნად, შემდეგ მნათედ.
1988-1991 წლებში გურამ ბერბიჭაშვილი სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1991-1994 წლებში – თბილისის სასულიერო აკადემიაში. 1989 წელს გურამ ბერბიჭაშვილი აკურთხეს დიაკვნად, იგი განწესებულ იქნა ბათუმის საკათედრო ტაძარში. 1990 წელს დიაკონი გურამი აკურთხეს მღვდლად.
1993 წელს იგი ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, 1994 წელს მას მიენიჭა დეკანოზის წოდება. 1996 წელს იგი აღკვეცილ იქნა ბერად და ეწოდა სახელად გრიგოლი, 23 მარტს მას მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება და დაჯილდოვდა მიტრისა და გამშვენიერებული ჯვრის ტარების უფლებით. 1996 წლის 24 მარტს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ქართველ მღვდელმთავართა თანამწირველობით არქიმანდრიტი გრიგოლი ფოთის ეპისკოპოსად აკურთხა.
როგორ ტარდება პატრიარქის არჩევის პროცედურა
კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს გაფართოებული კრება, რომელშიც შედიან: წმინდა სინოდის ყველა წევრი, თითო ეპარქიიდან ორ-ორი სასულიერო პირი და თითო საერო პირი. მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან იმდენივე წარმომადგენელი მონაწილეობს, რამდენიც ყველა დანარჩენი ეპარქიიდან ერთად. გაფართოებულ კრებაში ასევე შედის ორ-ორი წარმომადგენელი თითოეული მონასტრიდან, სასულიერო აკადემიისა და სემინარიიდან, ასევე ოთხი დელეგატი გელათის აკადემიიდან.
გაფართოებული კრების თითოეულ მონაწილეს აქვს უფლება, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება პატრიარქობის კანდიდატებთან დაკავშირებით. თუმცა, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის უფლება მხოლოდ წმინდა სინოდის წევრებს აქვთ.
გაფართოებული კრება, ისევე როგორც სრულიად საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია, თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.