სააგენტო: აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პირველი ეტაპი დასრულდა

საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან.
Sputnik
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა მავნებლის მონიტორინგის პირველი ეტაპი დაასრულა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე განთავსებულია 3.355 ცალი მონიტორინგის ხაფანგი.
„ღონისძიებების მეორე ეტაპზე, იმ ტერიტორიებზე, სადაც მონიტორინგის შედეგად მავნებლის დიდი რაოდენობა დაფიქსირდება, წერტილოვანი წამლობისთვის სპეციალური სადგურები განთავსდება. ასევე აქტიურად გაგრძელდება მონიტორინგი და მავნებლის პოპულაციაზე დაკვირვება:, - ნათქვამია განცხადებაში.
წლის განმავლობაში, აზიური ფაროსანას რიცხოვნობის შემცირებისა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით კომპლექსური ღონისძიებები ტარდება.
მონიტორინგის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, ტემპერატურის მატებასთან ერთად, იწყება ცივი შესხურების ტექნოლოგიითა და თერმული ნისლით წამლობა სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით.
გასულ წელს ცივი შესხურებით დამუშავდა 105 784, 5 ჰექტარი ტყის და სოფლის პერიმეტრი, ჯაგნარი და სიმინდის მასივი; თერმული ნისლით დამუშავდა 348 620 ჰექტარი ტერიტორია. გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით განთავსდა 8008 მონიტორინგის ხაფანგი და 208.444 „მოიზიდე და გაანადგურე" სადგური.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა. მავნებელი განსაკუთრებით საშიშია სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის. შემდგომ წლებში მან თხილის, ციტრუსისა და სიმინდის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.
შედეგად, საქართველოს მთავრობამ მავნებლთან საბრძოლველად სპეციალური პროექტი შეიმუშავა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგ და ტერიტორიების ქიმიური დამუშავება.
ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს მეთოდი მსოფლიოში ყველაზე ეფექტურად იქნა აღიარებული. ამჟამად საქართველო თავის გამოცდილებას სხვა ქვეყნებს უზიარებს. აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი.