თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში მდინარე ხრამზე ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კერძოდ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქირაჩ-მუღანლოში მოქალაქეებმა ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვეს ხრამულის სახეობის 11 კგ თევზი.
რადგანაც ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
ელექტროიარაღი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა.
უწყების ცნობით, პრევენციული ღონისძიებები ტარდება განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბრაკონიერობის ფაქტები ბოლო წლებში შედარებით ხშირია.
საქართველოში აკრძალულია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა.