ვგმობთ: საქართველოს პირველი პირები ვაშინგტონში მომხდარ თავდასხმის მცდელობას ეხმაურებიან

აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესწრებოდა, უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა - ინციდენტი 25 აპრილის საღამოს, სასტუმრო Washington Hilton-ის დარბაზში მოხდა.
Sputnik
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას, ამ ტიპის თავდასხმები არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებებს, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებს, დემოკრატიულ წესრიგსა და საზოგადოებრივ სტაბილურობას უქმნის საფრთხეს, დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პლატფორმა X-ზე.
აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი მეუღლე მელანია ტრამპი და სხვა პირები ესწრებოდნენ, უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა - ინციდენტი 25 აპრილის საღამოს, სასტუმრო Washington Hilton-ის დარბაზში მოხდა.
„კატეგორიულად მიუღებელია და ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას. ამ ტიპის თავდასხმები არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებებს, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებს, დემოკრატიულ წესრიგსა და საზოგადოებრივ სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ღონისძიებაზე მყოფი ყველა პირი უსაფრთხოდ არიან“, - ნათქვამია განცხადებაში.
მომხდარი ფაქტი ასევე დაგმო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„უმკაცრესად ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას. მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ყველა იქ მყოფი, უსაფრთხოდ არიან", - დაწერა კობახიძემ პლატფორმა X--ზე.
ამერიკელმა სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი, კალიფორნიის შტატის მკვიდრი, 31 წლის კოულ ტომას ალანი მომხდარიდან მალევე დააკავეს - იგი იმავე სასტუმროს სტუმარი იყო, სადაც ღონისძიება იმართებოდა.
ამერიკული მედიის ცნობით, აღნიშნულმა პირმა დაკავების შემდეგ აღიარა, რომ მისი თავდასხმის სამიზნე აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები იყვნენ.
ბოროტმოქმედმა, რომელიც შეიარაღებული იყო საფანტის თოფით, პისტოლეტითა და დანებით რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც საიდუმლო სამსახურის აგენტი მსუბუქად დაიჭრა — მას ტყვიაგაუმტარი ჟილეტი იცავდა. დაზიანებები მიიღო თავად თავდამსხმელმაც.
მომხდარი ფაქტი დაგმეს მსოფლიო ლიდერებმაც.