საქართველოში სურსათის ბანკი ამუშავდა: პირველი შედეგები

ორგანიზაციამ უკვე დაეხმარა ოჯახებს თბილისში, კახეთის რეგიონში, კასპისა და გორის მუნიციპალიტეტების სოფლებში.
Sputnik
თბილისი, 25 აპრილი — Sputnik.ორგანიზაცია „ენკინიამ“, რომელმაც საქართველოში პირველი „სურსათის ბანკი“ დააარსა, საკვები პროდუქტებით უკვე 305 ოჯახი მოამარაგა - ამის შესახებ „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ (FAO) პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა, ჯუბა მარუაშვილმა განუცხადა.
„სურსათის ბანკმა „ენკენიამ“ არა მხოლოდ თბილისში, არამედ კახეთის რეგიონში, ასევე კასპისა და გორის მუნიციპალიტეტების სოფლებში დაფარა ბენეფიციართა გარკვეული რაოდენობა. თუმცა, მთლიანობაში სურსათის ბანკების დაფუძნების არეალი მზარდია. მაგალითად, ჩვენ დაგვიკავშირდნენ ფოთისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებიდანაც და დაადასტურეს, რომ მზად არიან, მხარი დაუჭირონ მსგავსი ტიპის ორგანიზაციების ოპერირებას“, - განაცხადა მარუაშვილმა.
მისი თქმით, სურსათი, რომელიც ოჯახებს გადასცეს, ორ კატეგორიად იყოფა: სურსათი, რომელიც თვითონ მომხმარებელთა მიერ არის შეწირული და ასევე კერძო სექტორის მიერ ჭარბად აკუმულირებული პროდუქტი.
„ახლა დაახლოებით არის 25 სახეობის, სხვადასხვა კატეგორიის, დაბალი რისკის მატარებელი პროდუქტი“, - აღნიშნა მარუაშვილმა.
FAO-ს წარმომადგენლის თქმით, სურსათის უდანაკარგობისა და დონაციის სისტემის კიდევ უფრო დასახვეწად საქართველოში უნდა გაძლიერდეს კომუნიკაცია კერძო სექტორთან, რათა ის უფრო თამამად ჩაერთოს პროცესში.
„მიუხედავად იმისა, რომ ბანკები ოპერირებენ, გასათვალისწინებელია, რომ მოსამზადებელ პერიოდს დიდი დრო დასჭირდა და თანაც, ეს ორგანიზაციები ახალი დაფუძნებულები არიან. ჩვენ გარკვეული დრო გვჭირდება იმისთვის, რომ დავაკვირდეთ, სად არის სუსტი რგოლი, სად გამოიკვეთება ხარვეზები და სად იქნება გაუმჯობესების შესაძლებლობა“, - განაცხადა მარუაშვილმა.
პროდუქტების სიაში, რომელსაც „სურსათის ბანკები" მიიღებენ, შესულია დაბალი რისკის შემცველი, ე.წ მშრალი პროდუქტები, როგორიცაა ბურღულეული, მაკარონი, ზეთი, კეტჩუპები, სოუსები, სწრაფი მომზადების სუპები, ორცხობილები, რომელსაც შიგთავსი არ აქვს, რაც ნაკლებ რისკს შეიცავს, სიაშია ასევე ხილ-ბოსტნეულიც.
საქველმოქმედო ორგანიზაციები ასევე შეძლებენ პურფუნთუშეულის მიღებას, თუ იგი წარმოებიდან 24 საათის განმავლობაში დარიგდება.
ავტორიზაციისთვის ორგანიზაცია უნდა იყოს რეგისტრირებული, როგორც ბიზნეს-ოპერატორი, ჰქონდეს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი და აკმაყოფილებდეს სურსათის შენახვისა და ნარჩენების გადამუშავების შესახებ კანონებს.
ამასთან, ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს დანერგილი რისკების ანალიზისა და პროდუქტების კრიტიკული კონტროლის წერტილების პროცედურები და გააჩნდეს პროდუქტებისთვის სპეციალური საწყობები.